ალექსეი ნავალნი

ნავალნი რუსეთისგან ითხოვს დაუბრუნონ ტანსაცმელი, რომელიც მოწამვლის დღეს ეცვა

ალექსეი ნავალნი

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთისგან ითხოვს დაუბრუნონ ტანსაცმელი, რომელიც მოწამვლის დროს ეცვა.

"სანამ ჩემი გერმანიაში გადაყვანა დაუშვეს, მათ მთელი ტანსაცმელი გამხადეს და სრულიად შიშველი გამგზავნეს. იმის გათვალისწინებით, რომ ნოვიჩოკი ჩემს სხეულზე იპოვეს და სავარაუდოა, რომ მოწამვლა სწორედ სხეულზე კონტაქტით მოხდა, ჩემი ტანსაცმელი მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებაა. ვითხოვ, რომ ჩემი ტანსაცმელი ფრთხილად შეფუთონ პოლიეთილენის პარკში და დამიბრუნონ". - წერს ნავალნი.

ნავალნი შეუძლოდ 20 აგვისტოს ტომსკი-მოსკოვის რეისზე გახდა. ის ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რუსმა ექიმებმა მის ორგანიზმში საწამლავის კვალი ვერ იპოვეს, თუმცა ოჯახის, მხარდამჭერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით ოპოზიციონერი ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. გერმანელმა ექიმებმა, მოგვიანებით კი შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიებმა დაადასტურეს, რომ ნავალნის ორგანიზმში ნოვიჩოკის ტიპის ნერვული აგენტი აღმოჩნდა.

ნავალნის გუნდში ამბობენ, რომ ნერვული აგენტი "ნოვიჩოკი", რომლითაც ის მოწამლეს, ქალაქ ტომსკის სასტუმროში, მის ოთახში, წყლის ცარიელ ბოთლზე აღმოაჩინეს.

რუსეთში ნავალნის საქმეზე წინა-საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ნავალნის სპიკერი და მისი გუნდის წევრები დაიბარეს. რუსეთის გამოძიებას მიაჩნია, რომ ნავალნის მოწამვლის ფაქტის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს და სამხილების მიწოდებას გერმანიას სთხოვს.

კომენტარები