პრო-რუსული დაჯგუფებები

შენ გაზის დილერი გახდები - ФСБ-ის პოლკოვნიკისა და სანდრო ბრეგაძის შესაძლო საუბარი

ინტერნეტში ქართული მარშის ლიდერის, სანდრო ბრეგაძისა და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკის, იგორ მოროზოვის შესაძლო სატელეფონო საუბარი ვრცელდება

ჩანაწერის მიხედვით, ადამიანი, რომელსაც სანდრო ბრეგაძის მსგავსი ხმა აქვს, ესაუბრება იგორ მოროზოვს, რომელიც ამჟამად რიაზანის ოლქის საკრებულოსა და ფედერაციის საბჭოს წევრია. 

ორ პირს შორის საუბარი საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრით იწყება. როგორც ჩანს, ჩანაწერი მიმდინარე წლის გაზაფხულზე კორონავირუსის პანდემიის საწყის ეტაპზეა გაკეთებული. ამას ადასტურებს, ისიც, რომ სამომავლო გეგმებზე საუბრისას ხმა, რომელიც, სავარაუდოდ, ბრეგაძეს ეკუთვნის გეგმების განსახორციელებლად აღდგომის ჩავლას ელოდება. 

ერთმანეთისა და ერთმანეთის ოჯახების მოკითხვის შემდეგ, იგორ მოროზოვი, სავარაუდოდ, სანდრო ბრეგაძეს Viber-ის ან რომელიმე სხვა მესენჯერის კონტაქტს სთხოვს. მოროზოვი, სავარაუდოდ, სანდრო ბრეგაძეს ეკითხება იყიდება თუ არა საქართველოში სხვადასხვა სახის თხევადი გაზი, რაზეც ეს უკანასკნელი დადებით პასუხს აძლევს. 

მოროზოვი ბრეგაძეს ეუბნება, რომ მისი მეგობრები დიდი მოცულობების უზრუნველსაყოფად არიან მზად და ფიქრობენ, რომ პროდუქტი საქართველოში კარგად გაიყიდება. 

ი.მ. - თუ შენ ამას შენს თავზე აიღებ, ცხოვრებისთვის ცოტა ფულს იშოვიდი,

ს.ბ. - კარგით, იგორ ნიკოლაევიჩ, მომწერეთ და აღდგომის შემდეგ გავერკვევი, იმიტომ, რომ ეხლა ვინმეს პოვნა რთული იქნება,

ი.მ. - არა, ახლა არა, ძვირფასო, როდესაც კორონავირუსი ცოტათი მაინც გადაივლის შემდეგ, ჩვენთანაც იგივე ვითარებაა,

ს.მ. - გასაგებია, მანამდე მე ვიმუშავებ, რომ გავარკვიო ვითარება და დავალაგო და მოგვიანებით ინფორმაციას მოგაწვდით,

ი.მ. - კი, დაიწყე გარკვევა, ე.ი პროპანი, ბუტანი ეს ის გაზია, რომელიც გამოიყენება სახლებისთვის, რომლებიც ბუნებრივი აირით არ მარაგდება. უბრალოდ რუსეთში, ჩვენთან ყველაფერი გაზიფიცირებულია, თუმცა ვაწარმოებთ, მე როგორც მეუბნებიან საქართველოს ბაზარი, შესაძლოა, მოცულობითი იყოს და შენ შეგიძლია, საქართველოში თხევადი გაზის სერიოზული დილერი გახდე. მოკლედ შეისწავლე თემა.

ს.ბ. - დიახ, შევისწავლი თემას და ინფორმაციას მოგაწვდით.

სატელეფონო საუბრის მეორე ნაწილში მოროზოვი, სავარაუდოდ, სანდრო ბრეგაძეს ეუბნება, რომ მას ამ საქმეში პარტნიორები დასჭირდება, თუმცა ყველაფერი ისე უნდა აეწყოს, რომ მთავარი ამ საქმეში სწორედ ბრეგაძე იყოს. 

მოროზოვი ბრეგაძეს ეუბნება, რომ მას მისცემს ბიზნესმენის, ვინმე ალექსეის საკონტაქტო ინფორმაციას, რომელიც მას საქმის აწყობაში დაეხმარება. მოროზოვის თქმით, ალექსეი მისგან გაფრთხილებულია, რომ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი საქართველოში მხოლოდ ბრეგაძე იქნება. 

კომენტარები