აშშ-ს სანქციები

აშშ-მ ირანის თავდაცვის სამინისტროს და ნიკოლას მადუროს ახალი სანქციები დაუწესა

0 კომენტარი
მაიკ პომპეო ფოტო: Getty Images

აშშ-მ ირანის თავდაცვის სამინისტროსა და ირანის ბირთვულ და იარაღის პროგრამაში ჩართულ სუბიექტებს ახალი სანქციები დაუწესა. ასევე, ახალი სანქციები დაუწესდა ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა.

ახალი სანქციები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ აღმასრულებელ ბრძანებას მოიცავს. სანქციების სამიზნეს წარმოადგენენ სუბიექტები, რომლებიც ირანთან იარაღით ვაჭრობენ. შესაბამისად ეს მოიცავს ირანის თავდაცვის სამინისტროს, შეიარაღებულ ძალებს, ირანის თავდაცვის ინდუსტრიის ორგანიზაციასა და მის ხელმძღვანელს. ამერიკულ კომპანიებს ირანთან მსგავსი ვაჭრობა უკვე აკრძალული აქვთ. ახალი სანქციები გავრცელდება უცხოურ კომპანიებზეც.

კიდევ ერთი აღმასრულებელი ბრძანებით კი სანქციები უწესდებათ ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციასთან დაკავშირებულ 3 სუბიექტსა და 6 პირს. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის სანქციები შეეხება ირანის ბალისტიკური რაკეტების ორგანიზაციასთან დაკავშირებულ 3 პირს და 4 სუბიექტსაც.

მადუროსათვის სანქციების დაწესება ირანთან ურთიერთობის გაღრმავებას და ემბარგოს დარღვევას უკავშირდება.

"სულ ერთია ვინ ხართ, თუ ირანისათვის იარაღზე გაეროს მიერ დაწესებულ ემბარგოს დაარღვევთ, სანქციების რისკის ქვეშ იქნებით". – თქვა პომპეომ.

ირანისათვის ახალი სანქციების დაწესების მიზეზი იარაღზე გაეროს მიერ დაწესებული ემბარგოსათვის ვადის გასვლა გახდა. აშშ-ს მისი გახანგრძლივება სურდა, თუმცა უშიშროების საბჭოში მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ამის შემდეგ აშშ-მ აამოქმედა ირანისათვის გაეროს მიერ დაწესებული თითქმის ყველა სანქციის დაბრუნების მექანიზმი. ამაში შედის ემბარგოს აღდგენაც.

აშშ-ს გადაწყვეტილებას არ იზიარებენ ირანის ბირთვული შეთანხმების წევრი სხვა ქვეყნები. საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ს მიერ სანქციების დაბრუნება არაკანონიერია.

აშშ-ს ქმედება დაგმეს ირანმა და რუსეთმა.

მაიკ პომპეომ ირანისათვის სანქციების დაბრუნების მექანიზმის ამოქმედების შესახებ 20 აგვისტოს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც გაეროს უშიშროების საბჭომ ირანისთვის იარაღზე დაწესებული ემბარგოს გახანგრძლივებაზე აშშ-ს ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

მექანიზმი, რომლიც აშშ-მ აამოქმედა, მოიცავს 2015 წლის შეთანხმების ფარგლებში ეტაპობრივად მოხსნილი სანქციების დაბრუნებას. მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ, ვინაიდან აშშ-მ შეთანხმება დატოვა, მას უფლება არ აქვს, სანქციების დაბრუნება მოითხოვოს.

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობები დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ გაუარესდა. ტრამპმა აშშ ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გაიყვანა და მიზეზად დაასახელა, რომ ირანი შეთანხმების პირობებს არღვევდა და ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას აგრძელებდა. მას შემდეგ აშშ-მ ირანს არაერთი სანქცია დაუწესა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები