გაზსადენი Nordstream 2

მაიკ პომპეო: ვმუშაობთ კოალიციაზე, რომელიც Nord Stream 2-ის მშენებლობას შეაჩერებს

0 კომენტარი
მაიკ პომპეო ფოტო: The Hill

აშშ საერთაშორისო კოალიციის შექმნაზე მუშაობს, რომელიც არ დაუშვებს გაზპრომის გაზსადენის Nord Stream 2-ის მშენებლობის დასრულებას. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გერმანულ გამოცემა Bild-თან საუბარში განაცხადა.

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გაზსადენ Nord Stream 20-ის მშენებლობა არ დასრულდება, ჩვენ ვმუშაობთ კოალიციის შექმნაზე, რომ ეს არ მოხდეს". – ამბობს პომპეო. მისი თქმით, "აშშ-ს მიაჩნია, რომ გაზსადენი გარკვეულ რისკებს წარმოშობს ევროპისთვის, რომელიც რუსეთიდან მომავალ გაზზე ხდება დამოკიდებული."

მაიკ პომპეო ამბობს, რომ გაზსადენი საფრთხეს უქმნის უკრაინასაც, რაც მისი აზრით, "გერმანიის მრავალ მოქალაქეს აწუხებს." სახელმწიფო მდივანმა, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ გაზსადენის საკითხს ახლებურად შეხედავს გერმანიის ფედერალური ხელისუფლებაც და შეიცვლის მის პოზიციას რუსულ გაზსადენთან მიმართებით. 

ამასთანავე, პომპეო ამბობს, რომ მეორეხარისხოვანია, თუ რა მიზეზით გააკეთებს ამას ოფიციალური ბერლინი - რუსი ოპოზიციონერისა და კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო, თუ რუსულ გაზზე დამოკიდებულების საფრთხის გააზრებით. 

ამასთანავე, პომპეოს არ დაუსახელებია სახელმწიფოები, რომლებიც მომავალ კოალიციაში მოიაზრებიან. უკვე დიდი ხანია გაზპრომის გაზსადენის მშენებლობის დასრულებას მკვეთრად ეწინააღმდეგება პოლონეთის პრემიერმინისტრი, მატეუშ მორავიეცკი. 

მორავიეცკი გერმანულ გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-ში გამოქვეყნებულ სვეტში წერდა, რომ გაზსადენის ფუნქციონირება არღვევს ევროკავშირის ენერგეტიკულ პოლიტიკას, ზრდის რუსი ოლიგარქების ფინანსურ გავლენებს და ევროკავშირს პროექტის შეჩერებისკენ მოუწოდა. 

პროექტის შეჩერების წინააღმდეგია ავსტრიის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვან დერ ბელლენი. მისი თქმით, "გაუგებარია, თუ რატომ უკავშირებენ გაზსადენის პროექტს ნავალნის მოწამვლას" ვან დერ ბელენის თქმით, ეს ორი საკითხი ერთმანეთთან კავშირში არაა, ვინაიდან Nord Stream 2 კომერციული პროექტია და მისი ბედის საქმიანმა პარტნიორებმა უნდა გადაჭრან. 

პროექტის დასრულების სასარგებლო პოზიცია დააფიქსირა აღმოსავლეთ გერმანიაში მდებარე 6-მა ფედერალური მიწის მთავრობამ. ამ რეგიონების მთავრობები მიიჩნევენ, რომ პროექტის დასრულება მიზანშეწონილი და სასარგებლო იქნება. 

მერყევი პოზიცია აქვს გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს. მერკელმა თავიდანვე უარი თქვა ნავალნის მოწამვლის საქმისა და გაზსადენის პროექტის პირდაპირ დაკავშირებაზე. ამავდროულად, მერკელმა დაუშვა, რომ საკითხი შეიძლება არა მხოლოდ გერმანიის, არამედ ევროკავშირის დონეზე გადაწყდეს. 

მიმდინარე წლის 21 ივლისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ რუსული გაზსადენის Nord Stream 2-ის საწინააღმდეგო ახალ სანქციებს მხარი დაუჭირა. ახალი სანქციების ინიცირება საკანონმდებლო ორგანოში მაისში მოხდა, პროექტის ავტორები სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი სენატორი, ტედ კრუზია არიან. 

ახალი სანქციების ამოქმედებისთვის პროექტი სენატმა უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც ხელმოსაწერად პრეზიდენტ ტრამპს გადაეგზავნება და მხოლოდ პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შევა ძალაში.

თავდაპირველი გეგმის მიხედვით, გაზსადენი ექსპლუატაციაში 2019 წლის ბოლოს უნდა შესულიყო, თუმცა ამას ხელი აშშ-ს მიერ დაწესებულმა სანქციებმა შეუშალა. გასული წლის ბოლოს აშშ-მ გაზსადენის მშენებლობის ოპერატორებს სანქციები დაუწესა, რის შედეგადაც, მთავარმა სამშენებლო კომპანიამ, შვეიცარიულმა Allseas-მა პროექტზე მუშაობა შეწყვიტა.

2020 წლის იანვარში, გაზპრომის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ რუსეთი სხვისი დახმარების გარეშეც დაასრულებს პროექტს, თუმცა, ამისთვის უფრო მეტი დრო იქნება საჭირო. 

იმავე შინაარსის განცხადება გააკეთა ვლადიმირ პუტინმაც. ანგელა მერკელთან შეხვედრის დროს პუტინმა თქვა, რომ რუსეთი გაზსადენის მშენებლობას 2020 წლის ბოლომდე ან 2021 წლის პირველ ნახევარში დაასრულებდა. 

გაზსადენის პროექტი ორი ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გაივლის და მისი საერთო სიგრძე 1,224 კილომეტრი იქნება. გაზსადენის სიმძლავრე, რომელიც რუსეთიდან გერმანიის მომარაგებას ითვალისწინებს, წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები