ჩინეთი

ბიზნესმენს და ჩინეთის პრეზიდენტის აქტიურ კრიტიკოსს კორუფციისთვის 18 წელი მიუსაჯეს

0 კომენტარი
ჟენ ჭიციანგი ფოტო: AP

უძრავი ქონების მაგნატსა და ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის აქტიურ კრიტიკოსს, ჟენ ჭიციანგს კორუფციის ბრალდებით 18 წელი მიუსაჯეს. პეკინის სასამართლომ ბიზნესმენი კორუფციაში, ქრთამის აღებაში და სახელმწიფო ქონების მითვისებაში ცნო დამნაშავედ. სასამართლომ მას 4.2 მილიონი იუანის ($620 000) გადახდა დააკისრა.

ჟენ ჭიციანგი სახელმწიფოს მიერ მართული დეველოპერის, ხუაიუენის უძრავი ქონების ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელია. ის ჩინეთის მმართველი პარტიის წევრებთან იყო დაახლოებული და მის მიერ ჩინეთის ხელისუფლების კრიტიკა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა.

ადამიანთა უფლებების დამცველმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ ჩინეთის ხელისუფლება რუტინულად იყენებს კორუფციის ბრალდებებს კრიტიკის ჩასახშობად.

თებერვალში უძრავი ქონების მაგნატმა თავის ესეში ჩინეთი ეპიდემიის გამო გააკრიტიკა და პრეზიდენტს ჯამბაზი უწოდა, კომუნისტური პარტია კი თავისუფალი სიტყვის ჩახშობისა და დისიდენტების მიმართ არატოლერანტულობისთვის გააკრიტიკა. მან ასევე აღნიშნა, რომ თავისუფალი პრესისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვამ ხელი შეუშალა ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლას და ხელი შეუწყო მდგომარეობის გაუარესებას.

მარტში ჟენ ჭიციანგი გაუჩინარდა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარეობდა გამოძიება “სერიოზული დისციპლინარული დარღვევის” გამო. 

ივლისში ჟენ ჭიციანგი ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს.

ჟენ ჭიციანგი წარსულშიც აკრიტიკებდა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. 2016 წელს მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სი ძინპინის ბრძანება, რომ მედია პარტიისადმი სრულიად ლოიალური უნდა იყოს. მას პრობაცია შეუფარდეს და Twitter-ის მსგავს ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ში საკმაოდ პოპულარული ანგარში დაუბლოკეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები