კორონავირუსი საქართველოში

ექიმი 22-ე გარდაცვლილზე: მიზეზი COVID-19 ნამდვილად არ არის, კომატოზურ მდგომარეობაში იყო

მთავარი/კადრი ვიდეოდან

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი, გია კიკაბიძე კორონავირუსით გარდაცვლილ 22-ე პაციენტზე ამბობს, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი ინსულტია, რის გამოც კომატოზურ მდგომარეობაში იყო. 

"პაციენტს აღენიშნებოდა ჰემორაგიული ინსულტი - ეს არის სისხლჩაქცევა თავის ტვინში. გარდა ამისა, ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, ორმხრივი პნევმონია, მოციმციმე არითმია. მას საავადმყოფოში დაუდგინდა კორონავირუსი. 20-ში იქნა ჩვენთან გადმოყვანილი, 21-ში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი არის ის ძირითადი დაავადება, რის გამოც მოხვდა ის კლინიკაში. 

კორონავირუსი გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის. შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ, პაციენტი იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში ინსულტის გამო და არა ვირუსის გამო". – ამბობს გია კიკაბიძე. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა - ერთო ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, მეორე კი ქუთაისში, კლინიკა ბომონდში

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 3 913 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 1 574 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 22 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები