ევროპული საქართველო

კაპანაძე: არ ვითანამშრომლებთ "ოცნებასთან" და მხარს არ დავუჭერთ სააკაშვილს

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ პარტია პოლიტიკურ ვალდებულებას იღებს, რომ არ ითანამშრომლებს ქართულ ოცნებასთან და პრემიერმინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.

"არავითარ შემთხვევაში არ ვითანამშრომლებთ ქართულ ოცნებასთან და მას არ შევუქმნით მთავრობას. მოვუწოდებთ ყველა სხვა ოპოზიციურ ძალას, რომ იგივე ტიპის ვალდებულება აიღონ. ასევე, შემიძლია აქვე დავამატო, რომ ჩვენ არ დავუჭერთ მხარს პრემიერმინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილს. ეს არის დამატებითი პოლიტიკური ვალდებულება. ყველაზე მთავარი არის ცვლილებების გეგმაში არსებული ვალდებულებები, რომელიც ქვეყანას უკეთესობისკენ შეცვლის". –ამბობს სერგი კაპანაძე. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრემიერმინისტრობის კანდიდატი ქვეყნის ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა - საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მიხედვით კი პრემიერმინისტრის თანამდებობას ვერ დაიკავებს პირი, რომელიც სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა. სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია. ზურაბიშვილი პრეზიდენტის პოსტს 2023 წლამდე იკავებს. ამასთან, იმისთვის, რომ პრემიერმინისტრის თანამდებობა ეკავოს, ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები უნდა შეწყდეს.

კომენტარები