კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: აჭარაში პაციენტების ნაწილი არის ბინაზე, მათ მეთვალყურეობას ოჯახის ექიმი უწევს

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ნაწილი ბინაზე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობს. 

"აჭარაში უკვე მოხდა ისე, რომ პაციენტების ნაწილი არის ბინაზე და ბინაზე უწევს მათ მეთვალყურეობას ოჯახის ექიმი. ეს მოდელი არის აპრობირებული ბევრ ქვეყანაში და ჩვენც ეტაპობრივად ვამუშავებთ იმ დეტალებს, რომ ბინაზე მართვის მოდელი უსაფრთხოდ განხორციელდეს, ისე, რომ იყოს შესაფერისი საყოფაცხოვრებო პირობები, თვითიზოლაციის შესაძლებლობა და არ დადგეს ოჯახის წევრებს შორის ინფექციის გავრცელების რისკი. კლინიკური სურათი და მდგომარეობის სიმძიმე ხშირ შემთხვევაში იძლევა საშუალებას, რომ პაციენტი დარჩეს ბინაზე". – თქვა გაბუნიამ.  

გაბუნიას განმარტებით, კლინიკებში 1 500-მდე პაციენტია, მათგან კორონავირუსი 1 300-ზე მეტს აქვს დადასტურებული. მისივე თქმით, სასტუმროებში კორონავირუსით ინფიცირებული 563 ადამიანი მკურნალობს. 

18-დან 65 პაციენტები, რომელთაც კორონავირუსის სიმპტომები და ქრონიკული დაავადებები არ აქვთ, სასტუმროებში, კარანტინში მკურნალობენ.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 3 913 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 1 574 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 22 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები