ჩინეთი

ჩინელი მაღალჩინოსნები ABC-ს ჟურნალისტს 14 წლის შვილის დაჭერით ემუქრებოდნენ

ABC-ის ჟურნალისტი თავის ამბავს მოჰყვა, თუ როგორ ემუქრებოდნენ მას და მის ოჯახს ჩინელი მაღალჩინოსნები 2018 წელს. 

მეთიუ კერნი ABC-ს ჩინეთის ბიუროს ხელმძღვანელი იყო. მისი თქმით, მან სერიოზული საფრთხე იგრძნო, როდესაც მას და მის ცოლს უთხრეს, რომ მათი 14 წლის ქალიშვილი დაკითხვაზე პეკინში, უშიშროების სამინისტროში უნდა მიეყვანათ. ჩინეთის მხარის თქმით, ის ეჭვმიტანილი იყო ვიზის წესების დარღვევაში და დაკავება ემუქრებოდა.

აღსანიშნავია, რომ კერნი ჩინეთის ტაბუდადებულ თემებზე აკეთებდა რეპორტაჟებს და რეალურად, საქმე ამას ეხებოდა.

მან ამის შესახებ 2 წლის განმავლობაში არ ისაუბრა, რადგან არ უნდოდა სხვა თანამშრომლები საფრთხეში ჩაეგდო.

საჯაროდ საუბარი მან მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ABC-ის კიდევ ერთ ჟურნალისტს, ბილ ბირტლსს და ავსტრალიური ფინანსების მიმომხილველის ჟურნალისტი მაიკლ სმიტს ჩინეთი დაატოვებინეს

2018 წელს ჩინელმა მაღალჩინოსნებმა მეთიუ კერნის უთხრეს, რომ ჩინეთზე ABC-ს რეპორტაჟით მედიამ "დაარღვია ჩინეთის კანონები და რეგულაციები, გაავრცელა ჭორები და უკანონო, საზიანო ინფორმაცია, რამაც საფრთხე შეუქმნა ქვეყნის უსაფრთხოებას და ავნო ეროვნულ ღირსებას".

ის 2016 წლის იანვრიდან მუშაობდა ABC-ს ჩინეთის ბიუროს უფროსად, გაფრთხილება კი 2018 წლის 31 აგვისტოს მიიღო. 

ამ გაფრთხილების მიღებამდე სამი კვირით ადრე ABC-ს ვებგვერდი ჩინეთში უეცრად აკრძალეს. 

კერნი ცდილობდა გაეგო აკრძალვის ოფიციალური მიზეზი. მალევე, ჩინელი მაღალჩინოსნები მას დაუკავშირდნენ და დაიწყო "სამ თვიანი დაშინება მანამ, სანამ მე და ჩემი ოჯახი იძულებული გავხდით ჩინეთი დაგვეტოვებინა".

კერნი ამბობს, რომ მისი ისტორია დასტურია იმის, რომ ჩინეთის ამჟამინდელი მსგავსი ქმედებები არ არის მხოლოდ "რაღაც რაღაცის საპასუხოდ".

"ფაქტი ისაა, რომ ჩინეთში ყველა უცხოელ ჟურნალისტს უსმენენ". – მისი თქმით, ჩინეთის მთავრობას უნდოდა, რომ მას სცოდნოდა იმის შესახებ, რომ მას უსმენდნენ. 

კერნიმ გაიხსენა ABC-ს რეპორტაჟის გაკეთება სინძიანგში უიღურების მასობრივ დაკავებაზე, სადაც რეპორტაჟის მომზადების დროს ჯგუფს თან 20 ჩინელი მაღალჩინოსანი დაჰყვებოდა, შუაღამით მათ სასტუმრო ოთახებში მიდიოდნენ და ყოველდღიური აქტივობების შესახებ კითხვებს უსვამდნენ. ამასთან ერთად, მათ ჩუმად უღებდნენ.

ის იხსენებს, რომ ერთხელ მისი იმეილებიც ნახეს. ერთერთი იმეილი, რომელიც პეკინის 1989 წლის აქციის, თიენანმენის ჟლეტას ეხებოდა, გახსნილი ნახა - "იმეილი გახსნილი იყო, რადგან მე ეს მენახა, მჯერა, რომ ეს განზრახ გააკეთეს, რათა გამეგო, ისინი მითვალთვალებდნენ".

მისი თქმით, ერთერთი გზა, რითაც ჩინელი მაღალჩინოსნები უცხოელ ჟურნალისტებს თვითცენზურას აიძულებენ არის ის, რომ ემუქრებიან, რომ 12-თვიან ვიზას აღარ გაუხანგრძლივებენ. მის ვიზას კიდევ 6 თვე ვადა ჰქონდა, მაგრამ წინასწარ განახლება გადაწყვიტა. კერნის თქმით, დამაკმაყოფილებელი პასუხის შემთხვევაში, ჩვეულებრივ დასტურს 10 დღეში იღებენ, თუმცა მას არავინ შეხმიანებია და მოგვიანებით დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

იქ მისულს სამინისტროს წარმომადგენელი კერნის მასალებს კითხულობდა სინძიანგზე, სი ძინფინგის დიქტატორად მოხსენიებაზე და სხვა. 

ჩინელმა მაღალჩინოსანმა ჟურნალისტს უთხრა, რომ ამით ჩინეთის მთავრობას და ყველა ჩინელს ცუდად მოეპყრო. 

სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, მან ჩინეთის კანონები დაარღვია და მასზე გამოძიება იყო დაწყებული. 

მასთან კიდევ დანიშნეს შეხვედრები და მომდევნო კვირების განმავლობაში ABC-ს მიერ ჩინეთის ნეგატიურად წარმოჩენის ნებისმიერ მცდელობისთვის ლანძღავდნენ. 

მას ავსტრალიის მთვარობასთან კავშირშიც ადანაშაულებდნენ, რადგან ABC-ის ზოგი რეპორტაჟი ეხებოდა ჩინეთის ჩარევას ავსტრალიის დემოკრატიაში. 

ცოტა ხანში მას ვიზა განუახლეს, მაგრამ მხოლოდ 2 თვით. "ნუ მოელი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაბრუნებას და არ იფიქრო, რომ ეს დასასრულია". – კერნი საგარეო სამინისტროს წარმომადგენლის სიტყვებს ციტირებს. 

ამის შემდეგ მას და მის ცოლს უშიშროების სამინისტროში მისვლა სთხოვეს. ასევე უთხრეს, რომ წამოეყვანათ თავისი 14 წლის ქალიშვილი. 

"შენი ქალიშვილი 14 წლის არის, ჩინეთის კანონით ის სრულწლოვანია და რადგან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა კანონმორჩილი ქვეყანაა, ის ვიზასთან დაკავშირებული დანაშაულის გამო ბრალდებული იქნება". – კერნი ერთერთი მაღალჩინოსნის სიტყვებს ციტირებს. 

კერნიმ თქვა, რომ "ვიზის დანაშაულებზე" პასუხისმგებლობას თვითონ აიღებდა, რაზეც მას უპასუხეს - "იცით, რომ როგორც კანონმორჩილ ქვეყანას თქვენი ქალიშვილის დაკავების უფლება გვაქვს?"

კერნის უთხრეს, რომ მისი შვილი საიდუმლო ადგილას უნდა გადაეყვანათ, სადაც სხვა ზრდასრული პირები იქნებოდნენ. 

კერნიმ თქვა, რომ ავსტრალიის საელჩოს და მთავრობას შეატყობინებდა ამის შესახებ, მოგვიანებით კი თქვა, რომ მეორე დღესვე შეეძლოთ ჩინეთის დატოვება. მალე მათ ვიზებს ვადა გადიოდა და იმედოვნებდა, რომ ამ დრომდე მოახერხებდნენ წასვლას, რაზეც ჩინელმა მაღალჩინოსნებმა უთხრეს - "მაშინ დაგაკავებთ".

საელჩოს და ჩინელი მაღალჩინოსნების საუბრის შემდეგ, მათ გადაწყვიტეს, რომ ბრალი ეღიარებინათ და ბოდიში მოეხადათ "ვიზის დანაშაულებზე" იმ პირობით, რომ მათ ქალიშვილს არ წაიყვანდნენ. 

როგორც გაირკვა, კერნის "დანაშაული" იყო ის, რომ მან ახალ პასპორტზე არ გადაიტანა წინა პასპორტზე არსებული ვიზა, რომელსაც დღე-დღეზე ვადა გასდიოდა. მას ურჩიეს, რომ ახალი ვიზა ახალ პასპორტზე დატანილი მოეთხოვა - "ვიყავი დამნაშავე? დიახ, ვიყავი! შვება ვიგრძენი რომ სხვა სერიოზული ბრალდებები არ იყო".

ამის შემდეგ კიდევ ერთი რამ მოხდა. მან ადრე გააკეთა რეპორტაჟი ჩინეთის სოციალური კრედიტის სისტემაზე - ჩინეთში კამერებით, ინტერნეტში აქტივობებით აფასებენ ჩინეთის მოქალაქეებს, "შესაფერისი" ქცევისთვის ისინი შეღავათებს, გარკვეულ პლუსებს იღებენ, ხოლო ჩინეთის მთავრობის ხედვით შეუსაბამო ქცევისთვის მათ სხვადასხვა რამეზე წვდომას უზღუდავენ, სახელს უფუჭებენ. სწორედ ამაზე გააკეთა მან ერთერთი ცნობილი რეპორტაჟი, რასაც ათობით მილიონობით ნახვა ჰქონდა მთელ მსოფლიოში. რეპორტაჟში მონაწილეობს ერთი ჩინელი ქალი, როგორც "სამაგალითო მოქალაქე". სწორედ ეს ქალი მას დაემუქრა, რომ უჩივლებდა. ქალის ქმარი კომუნისტური პარტიის აქტიური წევრი იყო. ამერიკელ მოსამართლესთან კონსულტაციის შემდეგ, კერნის მან ურჩია რომ სასწრაფოდ დაეტოვებინა ჩინეთი. 

"დღეებს ვითვლიდი მანამ, სანამ ჩინეთს დავტოვებდით. ასე არ მინდოდა ჩემი საქმიანობის დასრულება, უკან მრჩებოდა მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი ისტორიები და ბევრი კარგი ჩინელი მეგობარი".

მეთიუ კერნი ამჟამად უცხოეთის კორესპონდენტის აღმასრულებელი პროდიუსერია. 

ბილ ბირტლსი კერნის ისტორიას გამოეხმაურა და თქვა, რომ "მათ ვისაც ამ თვის მოვლენები "რაღაცა რაღაცის საპასუხოდ" ჰგონიათ, ღირს ფართო კონტექსტი იცოდნენ".

ბოლო პერიოდში, ჩინეთში რამდენიმე უცხოეთის მოქალაქე, მათ შორის, კანადელები, ავსტრალიელები, იაპონელები და სულ მცირე, ერთი ამერიკელი დააკავეს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბრალდებებით. ზოგიერთი მათგანი კვლავ დაკავებულია.

კომენტარები