აშშ-ჩინეთი

ტრამპი გაეროს: ჩინეთს კორონავირუსზე თავისი ქმედებების გამო პასუხი უნდა აგებინოთ

Reuters

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვირტუალურად სიტყვით გამოსვლის დროს, ორგანიზაციას მოუწოდა, რომ ჩინეთს ახალი კორონავირუსის პანდემიაზე მისი ქმედებების გამო პასუხი აგებინოს. 

"ვირუსის [გავრცელების] ადრეულ დღეებში ჩინეთმა ჩაკეტა შიდა ფრენები, მაგრამ თვითმფრინავებს ნებას აძლევდა, რომ ჩინეთი დაეტოვებინათ და მსოფლიო დაეინფიცირებინა. ჩინეთმა დაგმო ჩემ მიერ მოგზაურობის აკრძალვა მათ ქვეყანასთან, მაშინ, როცა მათ შიდა ფრენები აკრძალული ჰქონდათ და მოქალაქეები სახლებში ჰყავდათ ჩაკეტილები.

ჩინეთის მთავრობამ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, რომელიც ფაქტიურად ჩინეთის მიერ არის კონტროლირებული, მოტყუებით განაცხადეს, რომ [ვირუსის] ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის მტკიცებულება არ იყო. მოგვიანებით, მათ მოტყუებით თქვეს, რომ ადამიანები, რომლებსაც ვირუსის სიმპტომები არ აქვთ, არ გაავრცელებენ დაავადებას... გაერომ ჩინეთს მისი ქმედებების გამო პასუხი უნდა აგებინოს". – განაცხადა ტრამპმა. 

ტრამპმა ასევე თქვა, რომ ჩინეთი ყოველწლიურად ნაგვით და პლასტმასის მილიონობით ტონით აბინძურებს ოკეანეებს. მან ჩინეთის მიერ მსოფლიოს დაბინძურების სხვადასხვა ფორმებზე ისაუბრა. 

მან განაცხადა, რომ "თუ გაერო ეფექტური ორგანიზაციაა, ის უნდა ფოკუსირდეს მსოფლიოს რეალურ პრობლემებზე. ეს მოიცავს ტერორიზმს, ქალების შევიწროებას, იძულებით შრომას, ნარკოტიკების ტრეფიკინგს, ადამიანის ტრეფიკინგს, რელიგიურ დევნასა და რელიგიური უმცირესობების ეთნიკურ წმენდას".

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკა ყოველთვის იქნება ლიდერი ადამიანის უფლებებში - "ჩემი ადმინისტრაცია ახალისებს რელიგიურ თავისუფლებას, შესაძლებლობებს ქალებისთვის, ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაციას, ადამიანის ტრეფიკინგის დამარცხებასა და იცავს დაუბადებელ ბავშვს".

მან, ასევე, აშშ-ს ეკონომიკის და სამხედრო ძალების პირველობაზე, მისი პრეზიდენტობის დროს სხვადსხვა მიღწევებზე და სხვა საკითხებზე ისაუბრა.

აშშ უკვე თვეებია ჩინეთს ადანაშაულებს ახალ კორონავირუსზე ინფორმაციის დამალვასა და ჩახშობისთვის. ჯანმო-ს კი ბრალს სდებს, რომ ჩინეთს ორგანიზაციაზე გავლენა აქვს, ჯანმო-მ სათანადოდ ვერ შეასრულა თავისი ფუნქციები და პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. ამის გამო აშშ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას 2021 წლის ივლისში ოფიციალურად დატოვებს.

  • როგორ გადაიქცა ჯანმო ჩინეთის დაცვის ორგანიზაციად? – ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ახალი კორონავირუსი ჩინეთში, ქალაქ ვუხანში 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისში უკვე გავრცელებული იყო. ჩინეთი ახალ ვირუსზე ინფორმაციას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მალავდა და ახშობდა.

ამჟამად, ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობები ათწლეულების განმავლობაში ყველაზე გაუარესებულია და არამხოლოდ ახალი კორონავირუსის გავრცელების, არამედ ჰონგ-კონგის, ტაივანის, სინძიანგის საკონცენტრაციო ბანაკების საკითხის გამო და სხვა.

კომენტარები