არჩევნები 2020

აქუბარდია: სტრატეგია აღმაშენებლის ბანერი დააზიანეს, ვიღაცას ჩვენი რეიტინგი აღიზიანებს

სტრატეგია აღმაშენებელი

უშაკოვის ქუჩაზე სტრატეგია აღმაშენებლის ბანერი დააზიანეს. პარტიის სპიკერი თეონა აქუბარდია სამართალდამცავებს მიმართავს, დროულად გამოიძიონ პარტიაზე განხორციელებული ვანდალიზმის ფაქტები, რომელიც, მისი თქმით, ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა.

ამასთან, აქუბარდია არ გამორიცხავს, რომ ეს განპირობებული იყოს სტრატეგია აღმაშენებლის მზარდი რეიტინგით, რამაც "მოქმედი მთავრობა გააღიზიანა და სპეციალური ჯგუფების გამოყენებით ახდენენ მათი სარეკლამო მასალების დაზიანებას".

"ნაცვლად იმისა, რომ მერიის სამსახური კანონით დადგენილი წესით ახორციელებდნენ თავიანთ უფლება-მოსილებას და ახდენდნენ ასეთი ქმედებების ჩამდენი პირების დაჯარიმებასა და გამოვლენას, ისინი აჯარიმებენ ჩვენი პარტიის მხარდამჭერებს. ამ ფონზე უმოქმედოდ არის პოლიციაც, იმის ნაცვლად, რომ იძიებდეს ანალოგიურ დანაშაულებებს. ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ პოლიციას ვანდალიზმის ფაქტებზე, ჯერჯერობით, არც ერთი საქმე არ არის გამოძიებული. შესაბამისად, ეს არის კიდევ ერთხელ ჩვენი პარტიის წინააღმდეგ მიტანილი იერიში". – აცხადებს აქუბარდია. 

მისივე თქმით, მათ მიმართეს მერიის შესაბამის სამსახურს, ასევე პოლიციას, თავისი კანონის ფარგლებში იმოქმედონ და ყველა კანონის დამრღვევი პირი, რომელიც ასეთ ქმედებებს ახორციელებს, გამოავლინონ. მათ წინააღმდეგ კი იყოს შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მიმართული.

"პოლიციას მივმართავთ, რომ დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება ასეთ ფაქტებზე. ეს კიდევ ერთხელ არის იმის მანიშნებელი, რომ სამწუხაროდ, სტრატეგია აღმაშენებელთან დაკავშირებით, როგორც ჩანს გაღიზიანებულია კონკრეტული ჯგუფი, რომელიც ჩვენს პლაკატებს მიზანმიმართულად უკვე არაერთგზის აზიანებს და ამით ცდილობს, რომ დაგვიპირისპირდეს. ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს საქმიანობას ვაგრძელებთ და მოვითხოვთ, რომ კანონის სიმართლით დაისაჯოს ყველა ის ადამიანები, რომლებიც ასეთ ქმედებებს ახორციელებენ და არღვევენ კანონს". – ამბობს თეონა აქუბარდია.

კომენტარები