ბელარუსი

გაქცევა ქვეყნიდან და ტყეში გატარებული 5 დღე - ლუკაშენკოს კრიტიკოსი პოლიციელის გამოცდილება

ანდრეი ოსტაპოვიჩი
Instagram/@astap_mystery

ანდრეი ოსტაპოვიჩი ბელარუსის პოლიციის უფროსი გამომძიებელი იყო. ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებიდან და პროტესტის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ მან თანამდებობა დატოვა. ანდრეი ოსტაპოვიჩი ერთერთია სახელმწიფო მოხელეების იმ პატარა ჯგუფიდან, რომლებმაც სამსახური ბელარუსში დაწყებული პროტესტის და მათზე ხელისუფლების ძალადობრივი რეაქციის გამო დატოვეს.

სამსახურიდან წასვლის შემდეგაც მისი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. თავის გამოცდილებაზე ანდრეი ოსტაპოვიჩი The Moscow Times-ს ესაუბრა.

ოსტაპოვიჩმა 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ერთ-ერთ საპროტესტო აქციაშიც მიიღო მონაწილეობა, თუმცა წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მინსკი დაკავებული დემონსტრანტების საქმის გამოძიება დაევალა. დემონსტრანტებს ბრალად პოლიციის მანქანის დაზიანება ედებოდათ, რაც ოსტაპოვიჩის აზრით, ყალბი ბრალდებები იყო.

"ჩემი თვალებით ვნახე პოლიციის განუკითხაობა და კანონის ძალის სრული უპატივცემულობა. ვიცოდი, რომ სადამსჯელო ღონისძიებებში მონაწილეობას არ მივიღებდი. ჩემი პოზიცია უნდა გამომეხატა". – ამბობს ანდრეი ოსტაპოვიჩი.

16 აგვისტოს მან უფროსი გამომძიებლის პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა და მოსკოვში გაემგზავრა. განცხადების ფოტოსურათი ოსტაპოვიჩმა თავის Instagram გვერდზეც გააზიარა და ბელარუსებს "დიქტატორის ჩამოგდებისკენ" მოუწოდა. მისი პოსტი Instagram-ის გვერდიდან მალევე წაიშალა, როგორც ოსპატოვიჩის Instagram Stories-დან ვიგებთ, პოსტი "ძალადობის წახალისების" გამო საიტის წესებთან შეუსაბამობის გამო წაიშალა.

ანდრეი ოსტაპოვიჩის განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ
ფოტო: The Moscow Times/Instagram

მოსკოვში ყოფნისას ანდრეი ოსტაპოვიჩმა ბელარუსი მეგობრისგან შეიტყო, რომ Instagram-ზე პოსტის დადების შემდეგ მისი ძებნა დაიწყეს და ძალოვანმა სტრუქტურებში იცოდნენ, რომ ის რუსეთში იყო. ოსტაპოვიჩმა ლატვიაში წასვლა გადაწყვიტა. ლატვიის საელჩოსთან კონსულტაციის შემდეგ მას ვიზა ლატვიაში შესვლისას უნდა მიეღო. თუმცა საზღვარზე, რუსეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ის COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო არ გაუშვეს. ლატვიის საელჩოს რჩევით ის ფსკოვში გაემგზავრა, სადაც ლატვიის უახლოესი საკონსულოა. მოსკოვში ოსტაპოვიჩი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააპატიმრეს. ოსტაპოვიჩის თქმით, ეს ცრუ და მოგონილი ბრალდებებია.

საპატიმროში ერთი ღამის გატარების შემდეგ, ანდრე ოსტაპოვიჩის პოლიციამ უთხრა, შენობა საგანგებო შემთხვევების გასასვლელიდან დაეტოვებინა. გარეთ გასულს შვიდი ნიღბოსანი ადამიანი დახვდა, რომლებმაც თვალები აუხვიეს და ხელბორკილები დაადეს. ოსტაპოვიჩი თვლის, რომ ნიღბიანი ადამიანები რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის წევრები იყვნენ.

მანქანით რამდენიმესაათიანი მგზავრობის შემდეგ ანდრეი ოსტაპოვიჩი ბელარუსის რუსეთთან მოსაზღვრე ვიტბესკის რეგიონში შუა გზაზე ჩამოსვეს და უთხრეს, რომ 5 წლით ეკრძალებოდა რუსეთში შესვლა. ამის მიზეზად დაასახელეს მისი კავშირი დაჯგუფება ვაგნერთან.  

"სრულიად აბსოლუტური ბრალდება იყო, მაგრამ გადავწყვიტე ბედი არ გამომეცადა და არ შევკამათებოდი". – ამბობს ანდრეი ოსტაპოვიჩი. ოსტაპოვიჩი თვლის, რომ იმის გამო, რომ არჩევნების შემდეგ საწყის ეტაპზე რუსეთი ჯერ მხარს არ უჭერდა ლუკაშენკოს, რუსეთის სამსახურებმა ის შუა გზაზე დატოვეს და არ გადასცეს ბელარუსის პოლიციას.

ანდრეი ოსტაპოვიჩის მონათხრობი The Moscow Time-ს მისმა რუსმა ადვოკატმა ვიაჩისლავ გოლოვინმა დაუდასტურა.

შუა გზაზე დატოვებულმა ოსტაპოვიჩმა მალევე შეამჩნია, რომ სატვირთო მანქანა უახლოვდება, რომელიც მან ბელარუსის პოლიციის მანქანად ჩათვალა. ოსპატოვიჩი ტყეში მიიმალა. მომდევნო ხუთი დღე მან ტყეში გაატარა და პოლონეთის საზღვრამდე მიღწევას ცდილობდა. პირველი ორი ღამე ბელარუსის პოლიცია აქტიურად ეძებდა, თუმცა როგორ ოსტაპოვიჩი აღნიშნავს, მდგომარეობა მალევე ჩაწყნარდა, რის შემდეგაც მან დღეში 70 კილომეტრის გავლა დაიწყო.

3 სექტემბერს, სამსახურის დატოვებიდან სამი კვირის თავზე მან პოლონეთში ჩააღწია. ანდრეი ოსტაპოვიჩი ამბობს, რომ პოლონეთის საზღვრამდე მიღწევაში მას რამდენიმე ადამიანი დაეხმარა, თუმცა მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის არავის სახელს ასახელებს.

ბელარუსში მას "სახელმწიფო მოხელის მიერ უკანონო ქმედებების ჩადენის" ბრალდება აქვს წაყენებული.

ანდრეი ოსტაპოვიჩი თვლის, რომ ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც ბელარუსია მის მსგავსად ხელისუფლებისგან და ძალოვანი სტრუქტურებისგან განდგომის თითოეული შემთხვევა რეჟიმს დაასუსტებს.

ბელარუსში მასობრივი საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. არჩევნების შედეგების თანახმად ხმათა 80%-იანი უმრავლესობით ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გახდა. არჩევნების შედეგებს არ ცნობს ბელარუსის ოპოზიცია. მოსახლეობა არჩევნების გაყალბებას აპროტესტებს. პროტესტი ერთი თვის შემდეგაც გრძელდება. აქციებს აქტიურად არბევდა პოლიცია. დემონსტრაციების დროს დააკავეს ათასობით ადამიანი, დაშავდა ასობით და დაიღუპა რამდნიმე დემონსტრანტი. უცხოური პრესის ჟურნალისტების ნაწილს ქვეყანაში აკრედიტაცია შეუჩერეს.

ოპოზიციის ლიდერები ან დაპატიმრებულები არიან ან იძულებით ემიგრაციაში მოუწიათ წასვლა. ოპოზიციის ლიდერი და არჩევნებზე ლუკაშენკოს მთავარი ოპონენტი სვეტლანა ტიხანოვსკაია ლიტვაშია. საკოორდინაციო საბჭოს ლიდერებიდან მხოლოდ სვეტლანა ალექსიევიჩია ქვეყანაში თავისუფლებაზე დარჩენილი. ალექსიევიჩის უსაფრთხოებისთვის მის ბინაში ევროპელი დიპლომატები მორიგეობდნენ.

აქციებზე ხელისუფლების საპასუხო ქმედებების გამო ბალტიისპიერეთის ქვეყნებმა ბელარუსის მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესესეს. სანქციების დაწესებას გეგმავს ევროკავშირიც. ევროკავშირი ალექსანდრ ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ცნობს.

კომენტარები