ლარის გაუფასურება

ვაშაძე: ლარის კურსის გაუმჯობესების ერთადერთი გზა ხელისუფლების ცვლილებაა

პოლიტიკური პარტია სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნას ხელისუფლების არასწორ ნაბიჯებს უკავშირებს და მიაჩნია, რომ ეროვნული ბანკის მიერ 40 მლნ დოლარის დახარჯვა ისევე არაეფექტური იქნება, როგორც უკვე დახარჯული 400 მილიონი დოლარის შემთხვევაში აღმოჩნდა.

"უმძიმესი მდგომარეობაა ლარის კურსთან დაკავშირებით. დღეს, ეროვნული ბანკი ჩვენი 40 მლნ დოლარის დახარჯვას აპირებს. უკვე დახარჯულმა 400 მილიონმა დოლარმა არაფერი შედეგი გამოიღო, ასევე იქნება 40 მლნ დოლარის შემთხვევაშიც.

ქართველ და უცხოელ ფინანსისტებთან დღე და ღამე ვიმუშავეთ, რომ მიგვეკვლია რაიმე ფორმულისთვის, რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ ლარის კურსი გამყარდეს და შემდეგ შეგვეთავაზებინა ხელისუფლებისთვის. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ლარის კურსის გაუმჯობესების ერთადერთი გზა, ეს არის ხელისუფლების ცვლილება". – ამბობს ვაშაძე.

ვაშაძის თქმით, მხოლოდ ცვლილებებს შეუძლია პოზიტიური მოლოდინი გააჩინოს ქვეყანაში, დამსხვრეული ოცნებების მთავრობა უნდა წავიდეს და მოვიდნენ პროფესიონალები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება და ლარს არაფერი ეშველება.

"დღეს ეკონომიკაში საშინელი ნეგატიური მოლოდინებია, რადგან კრიზისის დროს დამსხვრეული ოცნებების მთავრობამ მცირე და საშუალო ბიზნესის გადასარჩენად არაფერი გააკეთა, მხარი არ დაუჭირა, არანაირი რეფორმა შესთავაზა. ამ ფონზე გამოდიან და ხალხს ატყუებენ რომ ქვეყნაში ყველაფერი კარგად არის. 

ეს ნიშნავს, რომ კოლაფსი და კრიზისული მდგომარეობა მათ პირობებში დიდხანს გაგრძელდება. სწორედ ეს განწყობა რომ შეიცვალოს რადიკალურად და ნდობა გაჩნდეს საზოგადოებაში, საქართველოს ეკონომიკა წინ წავა, მოსახლეობას დავუბრუნებთ სამუშაო ადგილებს და გავაძლიერებთ ბიზნესს. ამისათვის კი აუცილებელია ამ ხელისუფლების ცვლილება". – თქვა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკმა ბოლო კვირაში 80 მილიონი დოლარი გაყიდა, მიუხედავად ამისა, ლარი გაუფასურებას განაგრძოს და 22 სექტემბერს, ახალი კურსით, ლარი დოლართან მიმართებით 2.4 თეთრით, ხოლო ევროსთან 2.1 თეთრით გაუფასურდა. წინა კვირაში კი ლარმა დოლართან და ევროსთან მიმართებით ღირებულების 2%-ზე მეტი დაკარგა.

დღეს, 23 სექტემბერს ეროვნული ბანკი რეზერვებიდან კიდევ 40 მილიონ დოლარს გაყიდის

 

კომენტარები