არჩევნები 2020

ევროპელები: სიცრუეა, რომ ენმ-სა და ჩვენ შორის მიდიოდა ფარული მოლაპარაკებები

ევროპული საქართველო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ენმ-სა და ევროპულ საქართველოს შორის ერთიან სიაზე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, თუმცა მოლაპარაკება ევროპელების ლიდერებმა დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ ჩაშალეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებების მიხედვით, პრემიერის პოსტზე მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეღო, ნაციონალური მოძრაობა კი ევროპული საქართველოს ლიდერ დავით ბაქრაძეს მხარს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე დაუჭერდა.

ევროპული საქართველოს განმარტებით, არსებული ინფორმაცია სიცრუეა. მათი ცნობით, 13 ივნისს მიხეილ სააკაშვილმა Facebook მიმართვაში შესთავაზა საერთო სიის ფორმირება ყველა ოპოზიციურ პარტიას, თუმცა შემოთავაზება ყველა ძალამ, მათ შორის ევროპულმა საქართველომ უარყო. 

პარტიის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, ერთიანი სიის შექმნაზე უარის მიზეზი ის არის, რომ მსგავსი სია ივანიშვილისთვის საჩუქარი იქნებოდა, რადგან ის თავად ცდილობს დახატოს ორპოლუსიანი სურათი, თითქოს არჩევნებზე მხოლოდ ის და სააკაშვილი არიან ალტერნატივა. 

"ერთიანი სიის გაკეთება იქნებოდა ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის დაბნევა და შემცირება და არა მობილიზება და გაზრდა. ჩვენი უარის სისწორეზე ასევე მეტყველებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, როდესაც ორი ძალის პირისპირ დარჩენის შემთხვევაში გაიმარჯვა ივანიშვილმა, ხოლო პირველ ტურში ოპოზიციურმა პარტიებმა ჯამში 62/38-ზე მოიგეს. შესაბამისად, ეს იდეა მყისიერად იქნა უარყოფილი ევროპული საქართველოს მიერ საჯაროდ, ამიტომ ბუნებრივია, არანაირი სხვა დეტალი ევროპულ საქართველოს არც კი განუხილავს". – წერია პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში. 

პარტიის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი მსგავსი ინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ, "ჩამოირეცხონ შეთანხმების დამრღვევის სახელი". 

"თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმების დარღვევამ, რეგიონებში მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმების ჩაშლამ და "ძალა ერთობაშია”-ს გიორგი ვაშაძის და თაკო ჩარკვიანის მიერ დატოვებამ ზიანი მიაყენა მიხეილ სააკაშვილის და მისი პარტიის, როგორც გამაერთიანებელი ძალის, რეპუტაციას. ახლა კი, როგორც ჩანს, მათ გადაწყვიტეს ტყუილის გზით ისევ ევროპულ საქართველოს დააბრალონ შეთანხმების ჩაშლა. სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილის დაუოკებელი სურვილი, რომ გახდეს პრემიერი უფრო დიდი ღირებულებაა ენმ-სთვის, ვიდრე საერთო ძალისხმევა, რომ ბიძინა ივანიშვილი დამარცხდეს". – წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები