არჩევნები 2020

კირკიტაძე: სამწუხაროა, რომ ევროპულმა საქართველომ გიგა ბოკერიას დაუჯერა და მისი გზა გაიზიარა

ტაბულა

რუსთავში ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის თქმით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ევროპულ საქართველოსა და ნაციონალებს შორის ერთიან სიაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, სიმართლეა. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა. 

კირკიტაძის თქმით, მათ შესთავაზეს ევროპელებს, რომ ჰყოლოდათ საერთო მაჟორიტარები და ასევე შესთავაზეს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილიყო დავით ბაქრაძე. მისივე თქმით, მათ პრემიერობის კანდიდატზეც უნდა ჰქონოდათ საერთო შეთანხმება. 

"ჩვენ შევთავაზეთ ევროპულ საქართველოს, რომ ჩვენ მზად ვიყავით დაგვეთმო პირველ 50 კაცში 30 კაცი მათთვის, გვყოლოდა საერთო მაჟორიტარები და ეს შეგვერჩია არა პარტიული პრინციპით, არამედ იმ კანდიდატებით, რომლებიც იქნებოდნენ ამა თუ იმ ოლქში უფრო პოპულარული და ჩვენ შევთავაზეთ, რომ პარლამენტის თავჯდომარე ყოფილიყო დავით ბაქრაძე. 

პრემიერობის კანდიდატზეც უნდა გვქონოდა შეთანხმებული და საერთო პოზიცია. ეს იყო მოლაპარაკების არსი, ჩვენ შევხვდით რამდენჯერმე". - ამბობს კირკიტაძე. 

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ევროპულმა საქართველომ გიგა ბოკერიას დაუჯერა და "მის ტაქტიკას მიჰყო ხელი". 

"სამწუხაროა, რომ ევროპულმა საქართველომ გიგა ბოკერიას დაუჯერა და მისი გზა გაიზიარა, ამ ტაქტიკას მიჰყო ხელი და ისინი ასე გამოდიან არჩევნებზე. გიგამ იცრუა, რომ ეს მოლაპარაკება იყო ბევრად წინ და ადრე ვიდრე ჩვენ ამა თუ იმ ოლქში დავაყენებდით მაჟორიტარების კანდიდატებს". –ამბობს კირკიტაძე. 

ევროპული საქართველო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ევროპულ საქართველოს არჩევნებზე ერთიანი სიის ფორმირება შესთავაზა.

ევროპული საქართველოს ცნობით, 13 ივნისს, მიხეილ სააკაშვილმა Facebook მიმართვაში შესთავაზა საერთო სიის ფორმირება ყველა ოპოზიციურ პარტიას, თუმცა შემოთავაზება ყველა ძალამ, მათ შორის ევროპულმა საქართველომ უარყო. 

კომენტარები