არჩევნები 2020

სააკაშვილი: ჩემი შეთავაზება ევროპულ საქართველოსთან იყო ერთიანი სია, მათ ამაზე უარი თქვეს

ნაციონალური მოძრაობის პრემიერობის კანდიდატის, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი თავდაპირველი შემოთავაზება ყველა ოპოზიციური პარტიის მიმართ იყო ერთიანი სიის გაკეთება და საერთო პრემიერობის კანდიდატის არჩევა, რაზეც ოპოზიციის დიდმა ნაწილმა უარი განაცხადა. 

მისივე თქმით, მათი მეორე შეთავაზება ევროპული საქართველოს მიმართ იყო, რაზეც მათგანაც უარი მიიღეს. 

"მე ყოველთვის ვიყავი და ვრჩები ერთიანობის მომხრედ. თავიდან ჩემი შეთავაზება იყო ყველა ოპოზიციურ ჯგუფს გაეკეთებინა ერთიანი სია, აერჩია ერთიანი პრემიერობის კანდიდატი და, რა თქმა უნდა, ეს არ ვიქნებოდი მე და წასულიყო არჩევნებზე. ბევრმა ჯგუფმა ეს უარყო და ამიტომ ეს არ გამოვიდა. 

მეორე იყო, ჩვენი შეთავაზება ევროპული საქართველოს მიმართ და ეს მოლაპარაკება წარმოებდა რამდენიმე კვირა, რომ თანაბრად, პრაქტიკულად, დაგვეკომპლექტებინა სია, პარლამენტის თავჯდომარის ადგილი წაეღოთ მათ, პრემიერობაზე მომხდარიყო ცალკე შეთანხმება და იქაც, რა თქმა უნდა, არ განიხილებოდა ჩემი კანდიდატურა. ესეც რაღაც მიზეზების გამო მათ მიერ იქნა უარყოფილი". – ამბობს სააკაშვილი ტვ პირველის ეთერში. 

სააკაშვილის თქმით, მათ გაერთიანებას აქვს სრული პოტენციალი, რომ საქართველოს მომავალ პარლამენტში უმრავლესობა აიღოს და შემდეგ დააკომპლექტოს ხელისუფლება, სადაც სრულიად ახალი ხალხი იქნება გაერთიანებული. 

"ენმ-მ გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად, ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანის მონაწილეობით ჩამოაყალიბა თავისი სია და დამასახელა მე პრემიერობის კანდიდატად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გაერთიანებას აქვს სრული პოტენციალი აიღოს უმრავლესობა საქართველოს მომავალ პარლამენტში და შემდეგ, სრულიად სხვადასხვა ღირსეული ადამიანების, ქართველების წარმომადგენლობით დააკომპლექტოს საქართველოს ახალი ხელისუფლება, რომელიც დაეფუძნება პრინციპს, რომ ყოველგვარი ძველი წყენები უნდა გადაიდოს გვერდზე. უნდა ვიფიქროთ ქვეყნის აღმშენებლობაზე წინსვლაზე და განვითარებაზე. 

სრულიად ახალი ხალხი უნდა მოვიდეს ქართულ პოლიტიკაში. მე ჩემს როლს ვხედავ, როგორც გარდამავალი მთავრობის ხელმძღვანელს". – ამბობს სააკაშვილი. 

გუშინ, 22 სექტემბერს გამარჯვებული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ TV პირველის ეთერში თქვა, რომ ენმ-სა და ევროპულ საქართველოს შორის ერთიან სიაზე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, თუმცა მოლაპარაკება ევროპული საქართველოს ლიდერებმა დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ ჩაშალეს. მისი თქმით, შეთანხმების მიხედვით, პრემიერის პოსტზე მხარდაჭერა სააკაშვილს უნდა მიეღო, ენმ კი დავით ბაქრაძეს მხარს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე დაუჭერდა.

ევროპულმა საქართველომ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა. მათი განმარტებით, 13 ივნისს მიხეილ სააკაშვილმა Facebook მიმართვაში შესთავაზა საერთო სიის ფორმირება ყველა ოპოზიციურ პარტიას, თუმცა შემოთავაზება ყველა ძალამ, მათ შორის ევროპულმა საქართველომ უარყო.

ევროპული საქართველოს ლიდერის დავით ბაქრაძის განმარტებით კი, ერთიან სიაზე იყო საჯარო შემოთავაზება, რასაც მაშინვე გაეცა უარყოფითი შეფასება ევროპული საქართველოს მიერ. მისივე თქმით, ტყუილია ინფორმაცია თანამდებობების შეთავაზებაზეც. 

კომენტარები