არჩევნები 2020

ენმ-მ ზუგდიდში გიული ალასანია არ წარადგინა, მაჟორიტარი კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია იქნება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და გაერთიანების ძალა ერთობაშია ზუგდიდის მაჟორიტარი კანდიდატი ექიმი მალხაზ ჯალაღონია იქნება.

"ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელს" - ასე წარადგინა ზაალ უდუმაშვილმა მალხაზ ჯალაღონიას კანდიდატურა და აღნიშნა, რომ "ის აქტიურად იყო ჩართული კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში და დღემდე განაგრძობს ამ ბრძოლას". მისი თქმით, მალხაზ ჯალაღონია პროფესიიდან გამომდინარე კარანტინში იმყოფება.

მაჟორიტარების წარდგენის პრეზენტაციაზე თავად მაჟორიტარი კანდიდატის ვიდეომიმართვა აჩვენეს. მალხაზ ჯალაღონიას შეფასებით, ენმ-ის და მიხეილ სააკაშვილის გარეშე "დღევანდელი რეჟიმის დამარცხება" შეუძლებელია.

"მე ვარ რიგითი ზუგდიდელი. ყოველთვის ვიყავი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი, მაგრამ პოლიტიკაში ღიად ჩარევის სურვილი არასდროს მქონია. ახლა კარგად მესმის, რომ განზე გადგომა არის დანაშაული, რადგან ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას.

ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის, ეს ბრძოლა გაერთიანებულმა ოპოზიციამ უნდა მოიგოს. სხვა არჩევანი არ გვაქვს, ამ ბრძოლის მოგებას გვავალდებულებს ჩვენი დიადი წარსული და ნათელი მომავალი. ნაციონალური მოძრაობის და პრეზიდენტ სააკაშვილის გარეშე შეუძლებელია დღევანდელი რეჟიმის დამარცხება, მე მზად ვარ, ჩავერთო ამ ბრძოლაში და  თქვენთან ერთად გავიმარჯვო, მინდა, ამ ქვეყნის მშენებლობაში მეც მივიღო მონაწილეობა, მეც ერთი აგური მივიტანო იქ, სადაც თავიდან, უკვე მერამდენედ უნდა დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის მომავლის შენება" - ამბობს ჯალაღონია მიმართვაში.

ზუგდიდში ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანია, ევროპული საქართველოსი კი - გიგი უგულავა.

თავდაპირველად, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატი ზუგდიდში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიას დედა იქნებოდა. ამასთან დაკავშირებით, პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი ამბობდა, რომ "მეუღლის დაყენება ჯერ კანდიდატად, ახლა დედის დაყენება კანდიდატად, რაღაცა მანია აქვს ამ ადამიანს".

კომენტარები