ბულგარეთი-რუსეთი

ბულგარეთმა ორი რუსი დიპლომატი შპიონაჟის ბრალდებით გააძევა

ბულგარეთმა ორი რუსი დიპლომატი გააძევა. ქვეყნის პროკურორები მათ შპიონაჟში ადანაშაულებენ. დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 72 საათის მისცეს. 

ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

სოფიაში რუსეთის საელჩოში აცხადებენ, რომ რუსი დიპლომატები უმიზეზოდ გააძევეს და ქმედება არ შეეფერება ტრადიციულ კონსტრუქციულ ორმხრივი ურთიერთობების ბუნებას. 

საელჩოს განცხადებით, ორი დიპლომატი დათქმულ ვადებში დატოვებს ქვეყანას, თუმცა რუსეთი საპასუხო ქმედების უფლებას იტოვებს. 

23 სექტემბერს ბულგარელმა პროკურორებმა ასევე თქვეს, რომ რუსი დიპლომატები საიდუმლო ინფორმაციას იძიებდნენ არმიის მოდერნიზაციის გეგმებზე, სამხედრო შეიარაღებაზე და ამ ინფორმაციის გაგზავნას რუსეთის სადაზვერვო სამსახურისთვის აპირებდნენ. 

ისინი დაუკავშირდნენ იმ ბულგარელებს, რომლებსაც მსგავს ინფორმაციაზე წვდომა აქვთ.

პროკურორების თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში, მათ ფინანსური სარგებელიც კი შესთავაზეს. 

2019 წლის ოქტომბრის შემდეგ ბულგარეთმა ქვეყნიდან შპიონაჟის ბრალდებით კიდევ სამი რუსი დიპლომატი გააძევა. ასევე, დეკემბერში ბულგარეთში ჩასასვლელად ვიზა არ მისცეს რუსეთის თავდაცვის ატაშეს.

შეგახსებეთ, რომ ცოტა ხნის წინ, რუსი დიპლომატები ნორვეგიიდან და ავსტრიიდანაც გააძევეს. 

კომენტარები