კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: 200-მდე ინფიცირებული პაციენტი ბათუმში ბინაზე მკურნალობს

იმედი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, დღევანდელი მონაცემებით, ბათუმში 200-მდე უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტი მკურნალობს სახლში.

"წარმატებით პილოტირდება და მიმდინარეობს ბინაზე მართვა. რა თქმა უნდა, ესენი არიან მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები. ამავე დროს 690 პაციენტი იმავე აჭარის რეგიონში არის კოვიდ-სასტუმროებში, სადაც ასევე უსიმპტომო და მსუბუქ შემთხვევებს ვმართავთ, ვისაც არ აქვს პირობები ბინაზე თვითიზოლირების, მას სახელმწიფო აძლევს ალტერნატივას, რომ იყოს საკარანტინო პირობებში და იმართონ ექიმების დაკვირვების ქვეშ" - თქვა გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ბათუმში არის 2, ხოლო ქვეყანაში 25 ონლაინ კლინიკა, რომელიც დაკავშირებულია 112-ის სამსახურთან. 

"112-ისგან ოჯახის ექიმები იღებენ ინფორმაციას სიცხიან პაციენტებზე და უკვე ერთი კვირაა, იღებენ ინფორმაციას კოვიდდადასტურებული პაციენტების შესახებ.

ოჯახის ექიმი რეკავს პაციენტთან ბინაზე, ატარებს მასთან სატელეფონო კონსულტაციას, არკვევს მის მდგომარეობას და გადასცემს უკან 112-ს, თუ პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო და მას სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, როგორც პრიორიტეტულ, რისკის მატარებელ ჯგუფს.

თუ ეს პაციენტი აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რაც განსაზღვრულია ბინაზე მეთვალყურეობისთვის და მას სიმპტომები გამოხატული არ აქვს, ასეთ შემთხვევაში პაციენტი რჩება ბინაზე და ოჯახის ექიმი აგრძელებს სატელეფონო კონსულტაციას, სატელეფონო კონსულტაციის რეჟიმი არის იმისთვის, რომ მინიმუმამდე შემცირდეს არააუცილებელი კონტაქტი სამედიცინო პერსონალთან და არ მოხდეს ინფექციის გავრცელება, რადგან ოჯახის ექიმს ბევრ სხვა პაციენტთანაც აქვს ურთიერთობა. თუმცა, საჭირო შემთხვევაში ოჯახის ექიმები, რა თქმა უნდა, ბინაზეც ივლიან თუ ამის აუცილებლობა იქნება, შესაბამისი ეკიპირებით" - ამბობს გაბუნია და აღნიშნავს, რომ ეს მოდელი ეტაპობრივად გაფართოვდება.

"25 ონლაინ ცენტრი გვაქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 450-მდე ოჯახის ექიმი მუშაობს, თუ იქნება საჭირო, ჩაერთვებიან სხვა კლინიკებიც, სულ არის პირველადი ჯანდაცვის დაახლოებით 80-მდე კლინიკა ქალაქებში განთავსებული და 1000-მდე ამბულატორიული ცენტრი, რაც იქნება ასევე რესურსი". – თქვა მინისტრის მოადგილემ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 259  ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, გარდაიცვალა ერთი ადამიანი. ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 164 აჭარაში გამოვლინდა, 34 - თბილისში.

კომენტარები