Wikipedia

10 წლის შემდეგ Wikipedia პირველად იცვლის დიზაინს

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში Wikipedia რჩება ცოდნისა და მრავალმხრივი ინფორმაციის მიღების ყველაზე ფართოდ გამოყენებად ციფრულ რესურსად მთელ მსოფლიოში. ამ ხნის განმავლობაში საიტი მნიშვნელოვნად გაფართოვდა და იტევს 53 მილიონ სტატიას 300-ზე მეტ ენაზე. 

ვიკიპედიის ინტელექტუალური კონტენტი სწრაფად გაიზარდა, მაგრამ მისი დიზაინი ამ ტემპს არ აჰყოლია. ბოლო 10 წლის განმავლობაში ვიკიპედიისა და Wikimedia-ს ფონდის სხვა პროექტების დიზაინში არსებითი ცვლილებები არ შეინიშნებოდა, რის გამოც საიტის გამოყენების გარკვეული ელემენტები მკითხველებისა და რედაქტორებისთვის სულ უფრო არაპრაქტიკული ხდებოდა. ახლა კი ორგანიზაციამ დიზაინის შეცვლის პროექტის დაწყება დააანონსა.

ორგანიზაციის განმარტებით, ვებგვერდი უნდა იყოს მარტივად გასაგები, თანამედროვე, სანდო და სასიამოვნო. "თუმცა, ამავე დროს, შენარჩუნებული უნდა იყოს იდენტობის ბირთვი და საბოლოო პროდუქტი უნდა გამოიყურებოდეს ისე, როგორც კვლავ Wikimedia-ს პროექტი. ჩვენ გვინდა, შევქმნათ პროექტი, რომელიც ნაცნობი და გასაგები იქნება ჩვენი დიდი ხნის მომხმარებლებისთვის, მაგრამ, ამასთან, პირდაპირი და ინტუიციურიც იქნება ახალი მომხმარებლებისთვის". – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Wikimedia-ს განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ მომავალ ცვლილებებს შორის იქნება შეცვლილი, მაგრამ არასრულად გარდაქმნილი ლოგო, ჩასაკეცი გვერდითი ზოლი, კონტენტის ფანჯარა და ა.შ. ცვლილებებს ველოდებით საკითხავი მასალის ტექნიკური გაფართოების ნაწილშიც. ცვლილებები ეტაპობრივად, დროის საკმაოდ დიდ მონაკვეთში განხორციელდება, რათა მოხდეს მომხმარებლების მიერ გატესტვა და უკუკავშირი.

გაუმჯობესებული დიზაინი ძირითადი სახით ყველა ქვეყნის Wikipedia-ში 2021 წლის ბოლოს განთავსდება Wikipedia-ს მე-20 დაბადების დღის აღნიშვნასთან ერთად.

კომენტარები