კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსით ინფიცირების 265 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარაში დადასტურდა, თბილისში - 43

ინტერპრესნიუსი

თბილისის ინფექციური საავდამყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 265 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარაში გამოვლინდა, 43 - თბილისში. 

მისივე თქმით, 27 შემთხვევა გამოვლინდა იმერეთში, 6 - კახეთში, 6 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 4 - სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში - 3, შიდა ქართლში კი - 2. 

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ენდელაძის ინფორმაციით, კლინიკაში ამ დროისთვის სულ, 31 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მისივე თქმით, პაციენტების უმეტესობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია. 2-ის კი მძიმე. 

"გვყავს 2 მძიმე პაციენტი, თუმცა მათი მდგომარეობის პროგნოზირება კეთილსაიმედია". - ამბობს ენდელაძე. 

სულ საქართველოში კორონავირუსის 4 664 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 759 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 27 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები