რუთ ბეიდერ გინსბურგის გარდაცვალება

რუთ ბეიდერ გინსბურგი მეორე ქალია, რომელიც კაპიტოლიუმის შენობაში დაასვენეს

0 კომენტარი

აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რუთ ბეიდერ გინსბურგი, რომელიც 19 სექტემბერს, 87 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა მეორე ქალი გახდა, რომელიც აშშ-ს კაპიტოლიუმის შენობაში დაასვენეს. გინსბურგამდე ერთადერთი ქალი, რომელსაც მსგავსი პატივი ერგო სამოქალაქო უფლებების დამცველი როზა პარქსი იყო.

ის ასევე პირველი ებრაული წარმოშობის ამერიკელი და უზენაესი სასამართლოს მეორე მოსამართლეა, რომელიც კაპიტოლიუმის შენობაში დაასვენეს. მანამდე მსგავსი სამოქალაქო პანაშვიდი უზენაესი სასამართლოს მხოლოდ ერთ მოსამართლეს, უილიამ ჰოვარდ ტაფტს გადაუხადეს, რომელიც აშშ-ს 27-ე პრეზიდენტიც იყო. ძირითადად სწორედ მხოლოდ პრეზიდენტებს, ვიცეპრეზიდენტებს და კონგრესის გამოჩენილ წევრებს ერგებათ ხოლმე მსგავსი პატივი.

გინსბურგი მეორე ქალი იყო, რომელიც უზენაეს სასამართლოში დაამტკიცეს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მან 27 წლის განმავლობაში იმსახურა.

ცერემონიას გინსბურგის ოჯახის წევრებიც დაესწრებიან. შესრულდება ნაწყვეტი მისი საყვარელი ოპერიდან. ცერემონიაზე დასწრებას გეგმავენ ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი და მისი მეუღლე. გინსბურგს არლინგტონის სასაფლაოზე, ქმრის გვერდით დაკრძალავენ.

კორონავირუსის გამო ცერემონიას კონგრესის ყველა წარმომადგენელი ვერ დაესწრება.

მანამდე გინსბურგის სამოქალაქო პანაშვიდი უზენაეს სასამართლოში გაიმართა, სადაც მას პატივი ათასობით ადამიანმა მიაგო, მათ შორის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა. ტრამპს დახვდნენ შეძახილებით "შეცვალე ის არჩევნებით" (“vote him out”).

ტრამპი გეგმავს, რომ უახლოეს დღეებში გინსბურგის შემცვლელი წარადგინოს. სენატში, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკურ პარტიას აქვს, უკვე მოიპოვეს საკმარისი ხმები იმისათვის, რომ მოსმენის შემდეგ ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატი დაამტკიცონ.

სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში თავად გინსბურგმა საკუთარ შვილიშვილს მისწერა, რომ წინააღმდეგი იყო, მისი შემცვლელი ტრამპს დაესახელებინა და ეს მხოლოდ ნოემბრის არჩევნების შემდეგ, ახალ პრეზიდენტს უნდა გაეკეთებინა.

სენატის უმრავლესობის ლიდერმა მიტჩ მაკ-კონელმა თქვა, რომ თუ ტრამპი ამას გააკეთებს, მის მიერ წარდგენილ კანდიდატურას კენჭს უყრიან, მიუხედავად იმისა, რომ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის უკანასკნელ წელს ანტონინ სკალიას შემცვლელის არჩევის უფლება არ მისცეს. სკალიას შემცვლელად ნილ გორსაჩი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ტრამპმა წარადგინა და სენატმა დაამტკიცა. 2018 წელს, მიუხედავად სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული ბრალდებებისა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა ტრამპის მიერ წამოყენებული კიდევ ერთი კანდიდატი ბრეტ კავანო. მან ენტონი კენედი ჩაანაცვლა. ამჟამად უზენაესი სასამართლოს 9 წევრიდან 5 კონსერვატორია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები