Nord Stream 2

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: Nord Stream 2-ის მშენებლობა უნდა დასრულდეს

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი, პეტერ ალტმაიერი გაზპრომის გაზსადენის მშენებლობის დასრულებას ემხრობა. მინისტრის თქმით, Nord Stream 2-ის მშენებლობის დასრულება აუცილებელია. ამის შესახებ მინისტრმა გამოცემა Handelsblatt-თან საუბარში განაცხადა.

"არ შეიძლება ყოველ 2-3 თვეში ერთხელ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ პროექტები, რომელიც ათწლეულებზეა გათვლილი", - განაცხადა ალტმაიერმა.

ეკონომიკის მინისტრმა, პროექტის კრიტიკოსები არათანმიმდევრულობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მთავრობა არ განიხილავს პროექტს რუსული გაზის წყაროდ, ხოლო ადამიანებმა, რომლებიც პროექტის შეჩერებას მოითხოვენ, უნდა დაასახელონ, საიდან მიიღებს გაზს გერმანია მომავალში.

გაზპრომის გაზსადენის შეჩერების საკითხი კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური კრემლის კრიტიკოსის და ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლის შემდეგ. საკითხს გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, მისი თქმით გაზსადენის ბედი საერთო ევროპული კონსესუსით უნდა გადაწყდეს. 

რამდენიმე დღის წინ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ მუშაობს ქვეყნების კოალიციის შესაქმნელად, რომლის მიზანიც პროექტის შეჩერება იქნება.

ნავალნის მოწამვლამდე პროექტის დასრულებას ემხრობოდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც, თუმცა ნავალნის მოწამვლის შემდეგ საპასუხო ზომებზე საუბრისას მერკელმა განაცხადა, რომ "ნებისმიერი საპასუხო მოქმედება განიხილება".

გაზსადენი ექსპლუატაციაში 2019 წლის ბოლოს უნდა შესულიყო, თუმცა ამას ხელი შეუშალა აშშ-ს მიერ დაწესებულმა სანქციებმა. გასული წლის ბოლოს აშშ-მ გაზსადენის მშენებლობის ოპერატორებს სანქციები დაუწესა, რის შედეგადაც, მთავარმა სამშენებლო კომპანიამ, შვეიცარიულმა Allseas-მა პროექტზე მუშაობა შეწყვიტა.

2020 წლის იანვარში, გაზპრომის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ რუსეთი სხვის დაუხმარებლადაც დაასრულებს პროექტს, თუმცა, ამისთვის უფრო მეტი დრო იქნება საჭირო. 

იმავე შინაარსის განცხადება გააკეთა ვლადიმირ პუტინმაც. ანგელა მერკელთან შეხვედრის დროს პუტინმა თქვა, რომ რუსეთი გაზსადენის მშენებლობას 2020 წლის ბოლომდე ან 2021 წლის პირველ ნახევარში დაასრულებდა. 

გაზსადენის პროექტი ორი ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გაივლის და მისი საერთო სიგრძე 1,224 კილომეტრი იქნება. გაზსადენის სიმძლავრე, რომელიც რუსეთიდან გერმანიის მომარაგებას ითვალისწინებს, წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრია.

კომენტარები