თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

POG: დავაკავეთ დავით ფურცხვანიძე, მან სატელიტის ფოტოები გააყალბა და მიხეილ რამიშვილს მისცა

საქართველოს პროკურატურამ მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით დააკავა დავით ფურცხვანიძე. გამოძიების მტკიცებით, მან სატელიტის ფოტოები შვილს დაამონტაჟებინა და გაყალბებული მასალა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს მისცა. დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ორიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიებისთვის ცნობილია, რომ დავით ფურცხვანიძე აპირებს ქვეყნის დატოვებას და უკვე შეძენილი აქვს ავიაბილეთი, ასევე საზღვარგარეთის ერთ-ერთ ბანკში აქვს ანგარიში, რომელზეც სისტემატურად რიცხავს თანხას. 

"ეს ბრალდების მხარეს აძლევს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ აპირებს ქვეყნის დატოვებას, რათა თავი აარიდოს სისხლისსამართლებრივ პასუხიმგებლობას, რის გამოც ბრალდების მხარე იშუამდგომლებს სასამართლოს წინაშე მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების თაობაზე" - აცხადებს პროკურატურა.

გამოძიების ინფორმაციით, მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროებული ფოტოების მიხედვით არ ირკვეოდა მისი წარმოშობის წყარო, კერძოდ, არ არის მითითებული ვებგვერდი და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები.

"მიხეილ რამიშვილს შეეთავაზა, მიეთითებინა კონკრეტული სატელიტური თანამგზავრის და მისი მფლობელის მონაცემები, თუმცა ამ უკანასკნელმა წარმოადგინა 2 ფოტოსურათი და უარი განაცხადა კომპანიის და კონკრეტული წყაროს დასახელებისგან, რის გამოც აღნიშნული ფოტოების ავთენტურობის დადგენის მიზნით  ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზა.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ორივე ფოტოსურათი გაყალბებულია. აღნიშნული ინფორმაციის გაჟღერების შემდგომ მიხეილ რამიშვილმა, როგორც მედიასთან საუბრისას, ასევე საგამოძიებო ორგანოში გასაუბრებისას განმარტა, რომ მას აღნიშნული ფოტომასალა მიაწოდა დავით ფურცხვანიძემ". - აცხადებს პროკურატურა და აღნიშნავს, რომ ეს შეიცავდა შესაძლო დანაშაულის ნიშნებს და საჭიროებდა დამატებით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, მათ შორის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მონაწილეობით.

"ვინაიდან, ადვოკატების მოწმის სახით გამოკითხვა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე წარმოებული გამოძიების პროცესში გამოიწვევდა მოცემულ საქმეზე შემდგომში საადვოკატო საქმიანობისგან მათ ჩამოცილებას, საქართველოს პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება და ცალკე წარმოებად გამოყო სისხლის სამართლის საქმე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე. 

მოცემულ საქმეზე გამოძიებამ ჩაატარა არაერთი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება. ამოვიღეთ როგორც დაკავებულის, ისე მისი შვილის კომპიუტერული ტექნიკა და მოსამართლის მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე ტექნიკიდან ინფორმაცია გამოვითხოვეთ. 

ამავე საქმეზე მოვიპოვეთ ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ტელეფონიდან მასსა და დაკავებულს შორის კომუნიკაციის ამსახველი ინფორმაცია და ე.წ. სატელიტური ფოტოები, ასევე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის სახით გამოიკითხნენ თავად დ.ფ., მიხეილ რამიშვილი და ეკა ქობესაშვილი" - აცხადებს პროკურატურა.

გამოძიების ინფორმაციით, დადგინდა, რომ დაკავებული ხელმძღვანელობს მის მიერ დაფუძნებულ არაკომერციულ იურიდიულ პირს - უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრი.

"დ.ფ.-სთვის ცნობილი გახდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის და მისი ადვოკატების ვერსიის თაობაზე, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა თითქოსდა 2020 წლის 18-22 ივლისს არ იმყოფებოდა იმ ადგილას, სადაც ნანახი იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი. ასევე დაკავებულისთვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ საქართველოს პროკურატურა ატარებდა შესაბამის ღონისძიებებს სატელიტური ფოტოების მოძიების მიზნით.

დ.ფ.-მ საკუთარი ორგანიზაციის რეკლამირების და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის მხრიდან დაფინანსების მიღების მიზნით განიზრახა ყალბი მტკიცებულებების შექმნა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ამ ინფორმაციის გამოძიებისთვის მიწოდება.

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დაკავებული დაუკავშირდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს და სთხოვა შემთხვევის ადგილის კოორდინატების მიწოდება. 2020 წლის 7 სექტემბერს დ.ფ.-მ სოციალურ ქსელ სკაიპის საშუალებით მიიღო ვებგვერდ zoom.earth-ის 2019 წლის ნოემბრის შესაბამისი კოორდინატების სატელიტური ფოტოსურათები, თუმცა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით განიზრახა აღნიშნული ფოტოების გაყალბება, რა მიზნითაც ზემოხსენებული ფოტოები ელექტრონული ფოსტის გამოყენებით გადაუგზავნა მის შვილს და სთხოვა დამუშავება იმ ფორმით, რომ შთაბეჭდილება შექმნილიყო, თითქოსდა  ფოტო გადაღებულია 2020 წლის 19 ივლისს და მასზე თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა არ არის ასახული.

დაკავებულის შვილმა, ჯ.ფ-მ ფოტოსურათის დაამუშავა და ელექტრონული ფოსტით გადაუგზავნა დ.ფ.-ს. დაკავებულმა გაყალბებული სურათები სოციალურ ქსელ Whats App-ის საშუალებით გადაუგზავნა მიხეილ რამიშვილს, რომელმაც, თავის მხრივ, ფოტოები წარუდგინა გამოძიებას მტკიცებულების სახით. მოცემულ ფოტოებზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ფოტოსურათები არის ყალბი და დამზადებულია მონტაჟის გზით" - აცხადებს პროკურატურა.

მიმდინარე საქმეზე გამოძიების პროცესში 2020 წლის 19 სექტემბერს, დავით ფურცხვანიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით გამოკითხეს. გამოძიების ცნობით, მოსამართლემ მას განუმარტა, რომ შეეძლო, არ მიეცა მისი და მისი ახლო ნათესავის დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი ჩვენება. დაკავებულმა არ ისარგებლა ამ უფლებით და თანხმობა განაცხადა ჩვენების მიცემაზე. 

"დაკავებული ასევე გაფრთხილებული იქნა საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ. მიუხედავად აღნიშნულისა, პირადი გამორჩენის მიღების განზრახვით მოქმედმა დ.ფ.-მ გამოძიებას და სასამართლოს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა მის პარტნიორს აქვს წვდომა სამხედრო-სამეცნიერო პროექტის შემსრულებლებთან, რომელმაც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სატელიტიდან მიიღო აღნიშნული ფოტოები. მის მიერ სასამართლო სხდომაზე დასახელდა თითქოსდა ორი სატელიტის კოდური დასახელებები და განმარტა, რომ მის მიერ ადვოკატისთვის გადაცემული ფოტოები სწორედ აღნიშნული სატელიტების გამოსახულებას წარმოადგენს.

მაშინ, როდესაც ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ადვოკატის მიერ წარმოდგენილი 2020 წლის 19 ივლისით დათარიღებული ფოტოს ზოგადი ინტერფეისი თანხვედრაშია ვებგვერდ zoom.earth-ის ზოგად ინტერფეისთან, კერძოდ, ხე-ბუჩქები, შუქ-ჩრდილები და გზა სრულ თანხვედრაშია ვებგვერდ zoom.earth-ის 2019 წლის ნოემბრის შესაბამისი კოორდინატების სატელიტურ გამოსახულებასთან, თუმცა, რაც შეეხება კადრში დაფიქსირებულ გზაზე აღბეჭდილ ორ მოთეთრო მართკუთხა ფორმის საგანს, გზაზე არსებულ მუქი ფერის მომრგვალო ფორმის ლაქას და თარიღის აღმნიშვნელ ღილაკებს, ისინი არ შეესაბამება ერთმანეთს და გაყალბებულია დაკავებულის მითითებით" - აცხადებს პროკურატურა.

კომენტარები