ოკუპირებული ცხინვალი

ანთაძე: ხვიჩა მღებრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია, ძალადობის კვალი არ აქვს

Reginfo.ge

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის, ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

ანთაძის ცნობით, ხვიჩა მღებრიშვილი საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი და მასთან ჯერჯერობით დეტალებზე საუბრის საშუალება არ ჰქონია.

"როგორც თავად განაცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე კარგია. ძალადობის ვიზუალური ნიშნები არ აღენიშება. მასთან დეტალებზე სამწუხაროდ არ გვისაუბრია, დეტალებს გავარკვევთ, როდესაც გვექნება მასთან გასაუბრების საშუალება". – ამბობს ირაკლი ანთაძე.

დღეს, 25 სექტემბერს, თითქმის სამთვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ საოკუპაციო ძალებმა ხვიჩა მღებრიშვილი გაათავისუფლეს. მღებრიშვილი საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის ბრალდებით ოკუპირებულ ცხინვალში 3 ივლისს დააკავეს. მოგვიანებით მას ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის რეგიონში ლუგარის ლაბორატორიის დავალებით ღამურების შესაგროვებლად იყო წასული, რათა ბიოლოგიური მასალა მოეპოვებინა.

კომენტარები