ბოტსვანა

ბოტსვანის მთავრობა ამბობს, რომ ასობით სპილოს სიკვდილის მიზეზი აღმოჩენილია

ბოტსვანის მთავრობის წარმომადგენლების თქმით, ქვეყანაში ასობით სპილოს სიკვდილის მიზეზი წყალში გავრცელებული ციანობაქტერიის მიერ წარმოქმნილი ტოქსინები აღმოჩნდა.

დაახლოებით 350 სპილო მაისიდან ივნისამდე პერიოდში მოკვდა. თავდაპირველად, კონსერვაციონისტებმა იფიქრეს, რომ ცხოველების სიკვდილის მიზეზი ვირუსი იყო, მეორე მიზეზად კი წყალმცენარეებისგან წარმოსული ტოქსინები დაუშვეს.

"ჩვენმა უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ სპილოების სიკვდილის გამომწვევი მიზეზი ციანობაქტერიის მიერ წარმოქმნილი ნეიროტოქსინებია. ეს არის ბაქტერია, რომელიც წყალში ვრცელდება ". - თქვა ბოტსვანის ველური ბუნებისა და ეროვნული პარკების დეპარტამენტის ვეტერინარმა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით კითხვები კიდევ არსებობს: მაგალითად, რატომ დახოცა ციანობაქტერიამ მხოლოდ სპილოები და რატომ მოხდა ეს ერთ განსაზღვრულ არეალში.

ადგილობრივი კვლევების თანახმად, სპილოთა 70% იმ წყაროების მახლობლად დაიხოცა, სადაც ხდება წყალმცენარეთა ყვავილობა . ასეთ დროს წყალმცენარეებს შეუძლიათ ციანობაქტერიის წარმოქმნა.

ბოტსვანაში ჩატარებულ კვლევებს სრულად არ ეთანხმება ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის, National Park Rescue-ის წარმომადგენელი, ნიალ მაკ-კანი. მისი თქმით, სპილოების სიკვდილის მიზეზი ნეიროტოქსინების კომბინაცია გახდა.

"წყალში აღმოჩენილი ციანობაქტერია აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ სპილოები ამ ბაქტერიის ტოქსინებისგან დაიხოცნენ. მკვდარი ცხოველებიდან აღებული კარგი ნიმუშების გარეშე ყველა ჰიპოთეზა უბრალოდ ჰიპოთეზაა". - თქვა მან.

ნიალ მაკ-კანმა ბოტსვანის მთავრობა სპილოების სიკვდილის მზარდი ტენდენციის შესახებ ჯერ კიდევ მაისში გააფრთხილა.

კომენტარები