ლარის კურსი

ლარი ქართულ ბაზარზე არსებულ ყველა, 43-ვე ვალუტასთან გაუფასურდა

კოლაჟი ტაბულა

საქართველოს ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. 25 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით 4.3 თეთრით, ხოლო ევროსთან - 5.2 თეთრით გაუფასურდა. მხოლოდ სექტემბრის თვეში ლარმა დოლართან 26 თეთრი დაკარგა, ევროსთან კი - 22 თეთრი.

აღსანიშნავია, რომ 25 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი ქართულ ბაზარზე არსებულ ყველა ვალუტასთან გაუფასურდა - ლარის გაცვლითი კურსი ყოველდღიურად 43 ვალუტასთან მიმართებით ქვეყნდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი გაუფასურდა აშშ დოლართან, ევროსთან, რუსულ რუბლთან, სომხურ დრამთან, თურქულ ლირასთან, აზერბაიჯანულ მანათთან, უკრაინულ გრივნასთან, ავსტრალიურ დოლართან, ბრაზილიურ რიალთან, ჩეხურ კრონასთან, ისლანდიურ კრონთან, ნორვეგიულ კრონთან, ახალზელანდიურ დოლართან, პოლონურ ზლოტთან, შვედურ კრონთან, არაბულ დირჰამთან, ბულგარულ ლევთან, ბელარუსულ რუბლთან, კანადურ დოლართან, შვეიცარიულ ფრანკთან, ჩინურ იუანთან, დანიურ კრონთან, ეგვიპტურ გირვანქასთან, ბრიტანულ ფუნტთან, ჰონგკონგურ დოლართან, ისრაელის შეკელთან, უნგრულ ფორინტთან, ინდურ რუპიასთან, ირანულ რიალთან, იაპონურ იენთან, ყირგიზულ სომთან, სამხრეთ კორეულ ვონთან, ქუვეითურ დინართან, ყაზახურ ტენგესთან, მოლდოვურ ლეისთან,კატარულ რიალთან, რუმინულ ლეისთან, სერბიულ დინართან, სინგაპურულ დოლართან, ტაჯიკურ სომონთან, თურქმენულ მანათთან, უზბეკურ სუმთან და სამხრეთაფრიკულ რანდთან.

საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი განსაკუთრებით პანდემიის შედეგად ჩაკეტილი საზღვრებისა და რამდენიმეთვიანი კარანტინის ფონზე დაეცა. 7 თვის წინ, პანდემიის დაწყებამდე, 2020 წლის 23 თებერვალს ერთი ევროს ოფიციალური კურსი - 3.0571 ლარი იყო, ხოლო 1 აშშ დოლარის - 2.8299 ლარი. ამ პერიოდში ლარი დოლართან 50 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი - 82 თეთრით.

კომენტარები