ემი კონი ბერეტი

ტრამპი უზენაესი მოსამართლის პოსტზე, სავარაუდოდ, ემი კონი ბერეტის წარდგენას აპირებს

ემი კორნი ბერეტი
FOX

რუთ ბეიდერ გინსბურგის გარდაცვალების შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, უზენაესი მოსამართლის პოსტზე ფედერალური სააპელაციო სასამართლოს კონსერვატორი მოსამართლის და ნოტრ დამის სამართლის პროფესორის, ემი კონი ბერეტის წარდგენას აპირებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია მაღალი რანგის რესპუბლიკელ სენატორებზე  დაყრდნობით ანონიმურად ავრცელებს.

მათი თქმით, სანამ ტრამპი ოფიციალურ განცხადებას არ გააკეთებს, არ არის გამორიცხული, რომ ბოლო წუთს გადაწყვეტილება შეიცვალოს, თუმცა მოსალოდნელია, რომ ტრამპი ბერეტს აირჩევს. 

"ის ტრადიციული საზომებით ყველაზე გამორჩეული და გამოცდილია. მას ყველაზე ძლიერი მხარდაჭერა აქვს იურისტ კონსერვატორებს შორის, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე სასამართლოს მიუძღვნეს. იგი ყველაზე მეტ წვლილს შეიტანს სასამართლოს იურისპრუდენციაში წლების და ათწლეულების განმავლობაში". - წერს CNN ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელზე დაყრდნობით. 

21 და 22 სექტემბერს ბერეტი თეთრ სახლში იმყოფებოდა. წყაროების ინფორმაციით, მან პრეზიდენტსა და სხვებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. 

ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, ბერეტი ერდადერთი პოტენციური ნომინანტია, ვისაც პრეზიდენტი პირადად შეხვდა. 

თუ ნოემბრის არჩევნებამდე ტრამპის გადაწყვეტილებას სენატი მხარს დაუჭერს, ის ტრამპის მიერ უვადოდ დანიშნული მესამე მოსამართლე იქნება. სენატი ბერეტის კანდიდატურას, დიდი ალბათობით, მხარს დაუჭერს, რადგან სენატში რესპუბლიკელებს უმრავლესობა აქვთ. შედეგად, აშშ-ს უზენაეს სასამართლოში 9 მოსამართლიდან 6 კონსერვატორი იქნება. 

"სიცოცხლე ჩასახვიდანვე იწყება" - ნათქვამი აქვს ბერეტს 2013 წელს. მას ახასიათებენ, როგორც კონსერვატორს და მორწმუნე კათოლიკეს. მან მხარი დაუჭირა ტრამპის სამიგრაციო პოლიტიკას და ემხრობა იარაღის შესახებ უფლებების გაფართოებას.

2017 წელს, როდესაც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე მის კანდიდატურას განიხილავდნენ, ჰკითხეს, მისი რელიგიური შეხედულებები იქონიებდა თუ არა გავლენას იურისპრუდენციაზე. კალიფორნიელმა სენატორმა, დაიან ფაინშტაინმა მას უთხრა "დოგმა შენში ხმამაღლა ცხოვრობს". ბერეტმა უპასუხა, რომ მისი პროფესიული და რელიგიური რწმენა განცალკევებული იქნება. 

ბერეტი 1972 წელს ნიუ-ორლეანში დაიბადა, 1997 წელს მან ნოტრ დამის სამართლის სკოლა დაამთავრა. 48 წლის ბერეტი ყოფილი პროკურორის მეუღლე და 7 შვილის დედაა. მას ორი შვილი ნაშვილები ჰყავს, მის უმცროს შვილს დაუნის სინდრომი აქვს. 2017 წელს ის დაამტკიცეს აშშ-ს მე-7 სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, რომელშიც შედის ინდიანის, ილინოისის და ვისკონსინის შტატები.

შეგახსენებთ, რომ 20 სექტემბერს ჩრდილოეთ კაროლინაში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას აშშ-ს უზენაესი მოსამართლის კანდიდატად ქალს წარადგენს.

"კანდიდატს მომავალ კვირას დავასახელებ. ის ქალი იქნება. ვფიქრობ, ქალი უნდა იყოს, რადგან ქალები კაცებზე უფრო მეტად მომწონს". – თქვა დონალდ ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში თავად გინსბურგმა თავის შვილიშვილს მისწერა, რომ წინააღმდეგი იყო, მისი შემცვლელი ტრამპს დაესახელებინა და ეს მხოლოდ ნოემბრის არჩევნების შემდეგ, ახალ პრეზიდენტს უნდა გაეკეთებინა.

სენატის უმრავლესობის ლიდერმა მიტჩ მაკ-კონელმა თქვა, რომ, თუ ტრამპი ამას გააკეთებს, მის მიერ წარდგენილ კანდიდატურას კენჭს უყრიან, მიუხედავად იმისა, რომ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის უკანასკნელ წელს ანტონინ სკალიას შემცვლელის არჩევის უფლება არ მისცეს. სკალიას შემცვლელად ნილ გორსაჩი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ტრამპმა წარადგინა და სენატმა დაამტკიცა. 2018 წელს, სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული ბრალდებების მიუხედავად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა ტრამპის მიერ წამოყენებული კიდევ ერთი კანდიდატი ბრეტ კავანო. მან ენტონი კენედი ჩაანაცვლა.

ამჟამად უზენაესი სასამართლოს 9 წევრიდან 5 კონსერვატორია.

კომენტარები