ახალი კორონავირუსი საქართველოში

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულმა სამმა ქალმა იმშობიარა, ახალშობილებს COVID-19 არ დაუდასტურდათ

adjara.gov.ge

ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებულმა სამმა ქალმა იმშობიარა. არცერთ ახალშობილს COVID-19 არ დაუდასტურდა.

ბათუმის სამშობიარო სახლში ტაბულას უთხრეს, რომ ამჟამად მათთან სულ 15 კოვიდინფიცირებული ფეხმძიმეა მოთავსებული.

26 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 296 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. გამოჯანმრთელდა კიდევ 60 ადამიანი.

სულ საქართველოში კორონავირუსის 4 960 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 819 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 27 კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები