რუსეთი

78-ე დღეა, რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში საპროტესტო აქცია იმართება [VIDEO]

0 კომენტარი

26 სექტემბერს რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ქალაქ ხაბაროვსკში კიდევ ერთხელ გაიმართა დაკავებული გუბერნატორის, სერგეი ფურგალის მხარდამჭერი მთავრობის საწინააღმდეგო აქცია.

უკვე მე-12 კვირაა, რაც მომიტინგეები პუტინის მიერ ადგილობრივი პოლიტიკური კრიზისის მართვას აპროტესტებენ. მათი ნაწილი ამბობს, რომ პუტინის მთავრობისადმი ნდობა დაკარგეს და მის გადადგომას მოითხოვენ.

აქციაზე გაიძახდნენ სლოგანებს, "პუტინი ქურდია", "პუტინ, ბებერო, დალიე ნოვიჩოკი", "20 წელი ნდობა არ არის". 

ერთ-ერთ მონაწილეს ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით "ნავალნი გამოჯანმრთელდა, რუსეთი გელის შენ!"

აქციის მონაწილეებმა ბელარუს მომიტინგეებსაც გამოუცხადეს მხარდაჭერა. "დიდხანს სიცოცხლე ბელარუსს!" - გაიძახდნენ ისინი. 

შეგახსენებთ, რომ დაკავებული გუბერნატორი, სერგეი ფურგალი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერია, რომელმაც გუბერნატორის არჩევნებში მმართველი ძალის, "ერთიანი რუსეთის" კანდიდატი დაამარცხა. მას ბრალად ედება 2004-05 წლებში ბიზნესმენების მკვლელობების ორგანიზება. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური მოტივებით აღიძრა.

გასულ კვირებში გამართული აქციების შემდეგ ფურგალის ადვოკატმა მომიტინგეებს მოუწოდა, რომ მისი მხარდამჭერი აქციები აღარ გამართონ. როგორც ადვოკატმა მედიას უთხრა, გუბერნატორი ხალხის მხარდაჭერას აფასებს, მაგრამ არალეგალურ შეკრებებს არ ემხრობა.

ივლისის ბოლოს პუტინმა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად დაასახელა მიხაილ დეგტიარიოვი, მაგრამ მომიტინგეებს მის მიერ წამოყენებული კანდიდატურა არ მოსწონთ, რადგან მას რეგიონთან კავშირი არა აქვს და მის გადადგომას მოითხოვენ.

30 ივლისს დეგტიარიოვი ირწმუნებოდა, რომ ხაბაროვსკის აქციებზე პროვოკატორები საქართველოდან არიან.

ცენტრ Levada-ს გამოკითხვით, რუსების 45% ქვეყნის შორეულ აღმოსავლეთში, ხაბაროვსკის აქციების მონაწილეებს პოზიტიურად უყურებს, 17% - ნეგატიურად, 26%-ის შეხედულება ნეიტრალურია, ხოლო11%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.

ცენტრის მიერ ჩატარებულმა კიდევ ერთმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 23% ასახელებს პუტინს პოლიტიკოსად, რომელსაც ენდობიან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები