აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მთიან ყარაბაღზე: აშშ გმობს ძალადობის ესკალაციას

EPA

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მთიან ყარაბაღში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების თაობაზე განცხადებას ავრცელებს. აშშ გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს და დაპირისპირებულ მხარეებს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ასევე, მოუწოდებენ გარეშე ძალებს არ ჩაერიონ და არ გაამწვავონ დაძაბულობა.

"აშშ შეშფოთებულია ცნობებით, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, კონტაქტის ხაზზე ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს, რასაც მოჰყვა მსხვერპლი, მათ შორის დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეებიც. ჩვენ ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს.

აშშ მკაცრად გმობს ძალადობის ამ ესკალაციას. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სტივენ ბეიგანმა დაურეკა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანს და ორივე მხარეს სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. ასევე, მან მხარეებს მოუწოდა, გამოიყენონ პირდაპირი კომუნიკაციისათვის არსებული კავშირები, რათა თავიდან აიცილონ ვითარების კიდევ უფრო ესკალაცია და თავი აარიდონ რიტორიკას და ქმედებებს, რომლებიც კიდევ უფრო გაამწვავებს ადგილზე სიტუაციას.

აშშ-ს მიაჩნია, რომ ძალადობის ესკალაციაში გარეშე ძალების მონაწილეობა ხელის შემშლელი იქნება და რეგიონში დაძაბულობას მხოლოდ გაამწვავებს. ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს, იმუშაონ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან ერთად, რათა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს რაც შეიძლება სწრაფად. როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, აშშ კვლავ მზადაა დაეხმაროს მხარეებს კონფლიქტის მშვიდობიანი და მდგრადი გადაჭრის მიღწევაში". – ნათქვამია განცხადებაში.

27 სექტემბერს, დილით მთიანი ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ.

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბახის რეგიონში მდგომარეობის გამწვავების გამო სომხეთში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული მთავრობის პრეზიდენტმა არაიკ არუტიუნიანმაც.

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანის რამდენიმე ქალაქსა და რეგიონში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბაქოში, კომენდანტის საათი ამოქმედდება.

კომენტარები