ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: გარდაცვალების პროცენტი საქართველოს, ჯერჯერობით, ერთერთი საუკეთესო აქვს

იმედი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პროცენტი 0,56-ია, რაც, როგორც გამყრელიძე ამბობს, ევროპაში ერთერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ამირან გამყრელიძის შეფასებით, სექტემბერში შემთხვევების მატება, მათ შორის მძიმე და კრიტიკული პაციენტების მიღება, პროგნოზირებადი იყო.

"რა თქმა უნდა, თითოეული გარდაცვალება ტრაგედიაა, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ მედიცინაში ეს ხდება, მაგრამ შემთხვევათა დიდი რაოდენობის ფონზე, გარდაცვალების პროცენტი საქართველოს, ჯერჯერობით, აქვს ერთერთი საუკეთესო". – ამბობს გამყრელიძე.

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსისგან 148 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. გარდაცვლილებიდან 2 აჭარაში მკურნალობდა, ერთი – თბილისში.

სულ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 2 054 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 31 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები