სომხეთი-აზერბაიჯანი

სომხეთი: აზერბაიჯანი ქალაქ მარტაკერტზე საარტილერიო შეტევას ახორციელებს

არცრუნ ჰოვანისიანი

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, არცრუნ ჰოვანისიანმა პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, აზერბაიჯანი დასახლებული პუნქტების მიმართულებით საარტილერიო შეტევას აგრძელებს:

"მოცემულ მომენტში სამიზნედ კვლავ იქცა დასახლებული პუნქტები. ცოტა ხნის წინ მე მომაწოდეს კადრები, საიდანაც ჩანს, რომ აზერბაიჯანული მხარე საარტილერიო შეტევას ახორციელებს ქალაქ მარტაკერტზე". – თქვა მან.

ქალაქ მარტაკეტში, რომელიც მთიანი ყარაბაღის რეგოინში, არცახის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მდებარეობს 4 600-მდე მოსახლე ცხოვრობს. ის სამიზნედ იქცა 2016 წლის საბრძოლო მოქმედებების დროსაც.

ჰოვანისიანის განცხადების პარალელურად, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი, შუშან სტეპანიანი Twitter-ზე წერს, რომ გუშინ, 27 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის რეგიონში დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დაკარგული პოზიციები დაიბრუნეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხედრო ოპერაციების შედეგად 6 დასახლება აიღეს, რაც სომხეთმა უარყო.

"თავდაცვის ჯარების დანაყოფების მიერ მანამდე დაკარგული პოზიციების დაბრუნების შედეგად სომხეთის მხარეს მტრის დაღუპული ჯარისკაცების ათობით ცხედარია". – წერს სტეპანიანი.

27 სექტემბერს, დილით მთიანი ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ.

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბახის რეგიონში მდგომარეობის გამწვავების გამო სომხეთში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული მთავრობის პრეზიდენტმა არაიკ არუტიუნიანმაც.

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანის რამდენიმე ქალაქსა და რეგიონში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბაქოში, კომენდანტის საათი ამოქმედდება.

მსხვერპლის შესახებ საუბრობს ორივე მხარე. დაიღუპა სულ მცირე 23 ადამიანი. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ დასახლებულ პუნქტებზე სომხეთის საარტილერიო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 6 მშვიდობიანი მოქალაქე, დაშავდა 20-ზე მეტი.

______

ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთეს მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, თურქეთსა და რუსეთში.

თურქეთმა მკაცრად გააკრიტიკა სომხეთი და მხარდაჭერა გამოუცხადა აზერბაიჯანს. Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომეხ ხალხს მოუწოდა, წინ აღუდგნენ ლიდერებს, რომლებიც ცდილობენ, ისინი "კატასტროფაში ჩაითრიონ". ერდოღანმა სოლიდარობა გამოუცხადა აზერბაიჯანს.

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და სომხეთის პრეზიდენტს, ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. პუტინის პრესსამსახურის თქმით მან ფაშინიანთან საუბარში სამხედრო შეტაკებების გამო შეშფოთება გამოხატა და თქვა, რომ უნდა მიიღონ ყველა ზომა, რათა არ მოხდეს დაპირისპირების ესკალაცია და საომარი მოქმედებები უნდა შეწყდეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები მკვეთრად ნეგატიურად იმოქმედებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე. საქართველო კი მზადაა ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციასა და რეგიონში მშვიდობის დამყარებას.

განცხადება გაავრცელა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც. აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს გამოიყენონ პირდაპირი კომუნიკაციისათვის არსებული კავშირები, რათა თავიდან აიცილონ ვითარების კიდევ უფრო ესკალაცია და თავი აარიდონ რიტორიკას და ქმედებებს, რომლებიც კიდევ უფრო გაამწვავებს ადგილზე სიტუაციას.

"აშშ-ს მიაჩნია, რომ ძალადობის ესკალაციაში გარეშე ძალების მონაწილეობა ხელის შემშლელი იქნება და რეგიონში დაძაბულობას მხოლოდ გაამწვავებს". - ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე დაპირისპირებაზე გააკეთა კომენტარი:

"ახლახან მოხდა, ყურადღებით ვაკვირდებით. ამ რეგიონში ბევრი კარგი ურთიერთობა გვაქვს. ვნახავთ, შევძლებთ თუ არა ამის შეჩერებას". – თქვა ტრამპმა.

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირებას გამოეხმაურნენ ევროკავშირშიც. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა:

"ძალიან შემაშფოთებელია ინფორმაცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებების შესახებ. სამხედრო მოქმედებები უნდა შეწყდეს, ეს გადაუდებელი მნიშვნელობის საკითხია, რათა თავიდან ავიცილოთ სიტუაციის კიდევ უფრო ესკალაცია. სასწრაფოდ, წინასწარი პირობების წამოყენების გარეშე, უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებები. ეს ერთადერთი გზაა წინსვლისაკენ".

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა მხარეებს მოუწოდა, დაუბრუნდნენ დიპლომატიურ არხებს:

"მოვუწოდებ კონფლიქტის ორივე მხარეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ბრძოლა, განსაკუთრებით კი სოფლებისა და ქალაქების დაბომბვა". – თქვა მან.

საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისა და დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდებს მხარეებს საფრანგეთიც. რომის პაპმა ფრანცისკემ კი თქვა, რომ მშვიდობისათვის ლოცულობს და სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს უთანხმოება მოლაპარაკებების გზით გადაჭრან.

კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის პრეს-მდივანმა ბლადიმირ ზაინეთდინოვმა რუსულ მედიასთან საუბარში თქვა, რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას და ამაში ეუთოს მინსკის ჯგუფი უნდა ჩაერთოს.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოცემული კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას. ამისათვის არსებობს საერთაშორისოდ აღიარებული მექანიზმი - ეუთოს მინსკის ჯგუფი, რომელიც კონფლიქტის რეგულაციაზე მუშაობს". – თქვა მან.

ზაინეთდინოვი აღნიშნავს, რომ სომხეთს, რომელიც კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების წევრია, ორგანიზაციისათვის დახმარების თხოვნით არ მიუმართავს.

მთიანი ყარაბაღის რეგიონში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა 2016 წელსაც, რასაც სულ მცირე 200 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაპირისპირება 4 დღეს გაგრძელდა. მიმდინარე წლის ივლისში კი ტავუში - თოვუზის რეგიონში მოხდა შეიარაღებული დაპირისპირებ. დაიღუპა სულ მცირე 16 ადამიანი. ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები