ბელარუსი

ბელარუსის ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა, პოლიციამ დააკავა 350-ზე მეტი დემონსტრანტი

Reuters

კვირას, 27 სექტემბერს ბელარუსის ქუჩებში კვლავ ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. აქციები უკვე 50 დღეა გრძელდება. პოლიციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართულ საპროტესტო გამოსვლებზე 350-ზე მეტი ადამიანი დააკავა. მათ დემონსტრანტების დასაშლელად გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარებიც.

მობილიზებული იყო ჯავშანტექნიკა და წყლის ჭავლის მანქანებიც. მინსკის ცენტრში კვლავ დაიხურა მეტროს სადგურები, ლუკაშენკოს რეზიდენციას კი გაძლიერებული დაცვა და ბარიკადები იცავდა.

27 სექტემბრის აქციამდე ტელეგრამის არხმა Nexta Live-მა საკუთარ 2 მილიონამდე გამომწერს მოუწოდა, აქციაზე მოეწყოთ "ხალხის ნამდვილი პრეზიდენტის", სვეტლანა ტიხანოვსკაიას სიმბოლური ინაუგურაცია. მომიტინგეთა ნაწილს ჰქონდათ მუყაოსგან გამოჭრილი გვირგვინები.

"დღეს პროტესტის 50-ე დღეა. ჩვენ რეჟიმის შესაჩერებლად გამოვედით და ამას მშვიდობიანად ვაკეთებთ". – თქვა ტიხანოვსკაიამ ვიდეო მიმართვაში.

26 სექტემბერს გაიმართა ქალების მარშიც. დააკავეს 10-ზე მეტი პირი, მათ შორის ბელარუსში ცნობილი 73 წლის აქტივისტი, ნინა ბაგინსკაია. მას ნიღბიანმა სამართალდამცავმა ძალის გამოყენებით წაართვა ბელარუსის ისტორიული დროშა. აღსანიშნავია, რომ ბაგინსკაია გასულ კვირასაც დააკავეს.

ბელარუსული მედია წერს, რომ ქალების მარშში, დაახლოებით, 2000 აქტივისტმა მიიღო მონაწილეობა. ისინი გაიძახოდნენ, რომ ბელარუსის პრეზიდენტი სვეტლანა ტიხანოვსკაიაა.

ბელარუსში მასობრივი პროტესტები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. მოსახლეობა აპროტესტებს არჩევნების შედეგებს, რომელთა თანახმადაც ლუკაშენკომ 80%-იანი უპირატესობით გაიმარჯვა.

მიუხედავად ამისა, ლუკაშენკომ ინაუგურაციის ცერემონია 23 სექტემბერს გამართა. ინაუგურაციის ჩატარების შესახებ საზოგადოება გაფრთხილებული არ იყო და მისი მომზადების პროცესი არ საჯაროვდებოდა. ინაუგურაცია მინსკის თავისუფლების სასახლეში გაიმართა. ცერემონიას რამდენიმე ასეული ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის მაღალჩინოსნები, პარლამენტის წევრები, სახელმწიფო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, პრესა, მეცნიერები და კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები. ინაუგურაციის ცერემონია არ გადაიცემოდა სახელმწიფო არხებით.

კომენტარები