თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

"ვილა ალგეთის" დასერჩვის გამო პირი პროკურატურაში დაიბარეს და მობილური ჩამოართვეს

0 კომენტარი
ფოტო: Facebook.com/GeorgeLubaretsi

Facebook მომხმარებელი, გიორგი ლუბარეცი, თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში დაიბარეს, მობილური ჩამოართვეს და ამის მიზეზად "ვილა ალგეთის" საჯარო რეესტრის საიტზე დასერჩვა დაუსახელეს.

ჩვენ დავუკავშირდით ლუბარეცს, რომელიც გვიყვება, რომ გამომძიებლებმა მას მობილური ტელეფონი იმიტომ ჩამოართვეს, რომ გაერკვიათ, მან ხომ არ მიაწოდა ინფორმაცია "ვილა ალგეთის" შესახებ ჟურნალისტებს.

"პარასკევს დამიბარეს, ბაჩალიაშვილის საქმეზე უნდა დაგკითხოთო, დღეს მივედი. როგორც კი შევედი, ტელეფონი წამართვეს. იცი, რაზე დაგიბარეო? მეთქი წარმოდგენა არ მაქვს. საჯარო რეესტრში "ვილა ალგეთი" გქონდა დასერჩილი და რას ეძებდიო? მეთქი რავი, რომ დაიკარგა, ყველაფერს ვაკლიკავდი საკადასტრო რუკაზე, რაც კი ობიექტი იყო ძიების რადიუსში". – თქვა მან.

მისივე თქმით, მან გამოძიებისთვის ჩვენების მიცემაზე უარი თქვა, ასევე არ უთხრა მობილური ტელეფონის პაროლი.

"საერთოდ არანაირი კავშირი არ მაქვს არც თამართან, არც ჟურნალისტებთან მქონია არანაირი შეხება ამ საქმეზე. უბრალოდ ვსერჩავდი, სულ ეგ იყო". – თქვა მან.

მეტი დეტალის გასარკვევად ტაბულა პროკურატურას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ამ ფაქტს გაარკვევენ და მოგვიანებით დავურეკოთ.

---

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთერთ სოფელში შეამჩნიეს.

4 სექტემბერს გენერალურმა პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური), ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები გაასაჯაროვა, რის მიხედვითაც, ცხედრიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში – კუჭში, ღვიძლში, ნაღვლის ბუშტში, ნაწლავში, თირკმელში, კუნთში – სხვადასხვა პრეპარატის შემცველი ნივთიერება აღმოჩნდა. დასკვნაში წერია ისიც, რომ გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულებით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას.

გამოძიების ინფორმაციით, 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარი ავტომანქანით იმყოფებოდა რუსთავის გზატკეცილზე და გორგასლის ქუჩაზე მდებარე ფარმადეპოს, იმპექსის, პსპ-ს, ჯიპისის, ავერსის აფთიაქებში, სადაც შეიძინა სხვადასხვა პრეპარატის 150 აბი. პროკურატურამ შესაბამისი კადრებიც გაასაჯაროვა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები