ელიავას ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა - ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არის

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თბილისში, ელიავას ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არის. 

მათივე ცნობით, ცეცხლი ხის მასალების საწყობსა და რამდენიმე მაღაზიაში გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე იყო ხანძარი და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.

ადგილზე უმოკლეს დროში მოხდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ჯგუფის მობილიზება და დაიწყო ქრობითი სამუშაოები.

ცეცხლი გავრცელდა ხის მასალების სასაწყობე ფართზე და რამოდენიმე მაღაზიაზე. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება. ამ დროისთვის, ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები". – წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები