ნარკოდანაშაული

შსს: ნარკოდანაშაულისთვის ორი ადამიანი დავაკავეთ - ამოღებულია 330 აბი სუბუტექსი

შინაგან საქმეთა სამინისტრო/კადრი ვიდეოდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის ორი ადამიანი, 1978 წელს დაბადებული ჟ.ი. და 1966 წელს დაბადებული ბ.ლ. დააკავეს.  

უწყების ინფორმაციით, ჟ.ი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის პარიზი-თბილისის რეისით ჩამოფრინდა. მისი პირადი ჩხრეკისას 330 აბი სუბუტექსი ამოიღეს. მეორე პირი კი, ბ.ლ. თბილისში დააკავეს, შსს-ს ცნობით, მან ნარკოტიკული საშუალება ჟ.ი.-ს საშუალებით შემოიტანა. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს.  

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები