კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში COVID-19-ის 314 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა – 270

საქართველოში ახალი კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს ვირუსის შემთხვევების ახალი რეკორდული მაჩვენებელია. კორონავირუსული ინფექციისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 270 ადამიანი. მონაცემები სპეციალურ საინფორმაციო ვებგვერდზე StopCov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა.  

ამასთან, ვირუსით გარდაიცვალა კიდევ ერთი, 33-ე პაციენტი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 314 ახალი შემთხვევიდან 225 აჭარაში გამოვლინდა, 22 – იმერეთში, 35 – თბილისში, 18 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9 – შიდა ქართლში, 3 – სამცხე-ჯავახეთში, გურია და ქვემო ქართლში კი თითო-თითო. 

ჯამში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 5 866 ახალი შემთხვევა აღირიცხა, საიდანაც 2 324 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 33 კი გარდაიცვალა. 29 სექტემბრის 10:40 საათის მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19-ის 3 509 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც ნაწილი სტაციონარში მკურნალობს, ნაწილი კი კოვიდ-სასტუმროებში. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი ოქტომბრის შუა რიცხვებამდეა გადადებული. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

კომენტარები