სომხეთი

სომხეთმა 18-იდან 55 წლამდე რეზერვისტ კაცებს ქვეყნის დატოვება აუკრძალა

Shutterstock

სომხეთის მთავრობამ 18-იდან 55 წლამდე კაცებს, რომლებიც სამხედრო რეზერვში არიან, ქვეყნის დატოვება აუკრძალა. ინფორმაცია ამის შესახებ სომხეთის მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.

ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია მთიანი ყარაბაღის რეგიონში სომხეთისა და აზერბაიჯანის დაპირისპირებასთან და სომხეთში სამხედრო მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებასთან.

"მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, ქვეყნის დატოვება ეზღუდებათ კაცებს, რომლებიც რეზერვში არიან: რიგითების, უმცროსი და უფროსი სერჟანტების შემადგენლობა 48 წლამდე, უმცროსი ოფიცრების შემადგენლობა 50 წლამდე და უფროსი ოფიცრების შემადგენლობა 55 წლამდე". – ნათქვამია სომხეთის მთავრობის განცხადებაში.

შეზღუდვების დაწესების შემდეგ რეზერვისტებს ქვეყნის დატოვება მხოლოდ სამხედრო კომისარიატის წერილობითი ნებართვით შეეძლებათ.

27 სექტემბერს, დილით მთიანი ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ.

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბახის რეგიონში მდგომარეობის გამწვავების გამო სომხეთში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული მთავრობის პრეზიდენტმა არაიკ არუტიუნიანმაც.

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანის რამდენიმე ქალაქსა და რეგიონში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბაქოში, კომენდანტის საათი ამოქმედდა.

 

კომენტარები