ევროპული საქართველო

ევროპულმა საქართველომ პირობითი საარჩევნო სია წარადგინა – ნახეთ პარტიის საარჩევნო გუნდი

ევროპული საქართველოს პირობითი საარჩევნო სიის წარდგენა
ტაბულა

ევროპულმა საქართველომ პროპორციული საარჩევნო სიის წარდგენის ნაცვლად, პარტიული გუნდი ნუმერაციის გარეშე წარადგინა. პარტიას არც პრემიერმინისტრობის კანდიდატი დაუსახელებია. 

როგორც პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ პრეზენტაციამდე განმარტა, სია პირობითია, რაც მისივე თქმით, იმას ნიშნავს, რომ სიაში გვარები ამ დროისთვიოს პირობითადაა განაწილებული და იმის მიხედვით, კონკრეტული ადამიანი რა შედეგს დადებს იმ ოლქში, რომელშიცაა მიმაგრებული, ამის მიხედვით გადანაწილდება. 

ევროპული საქართველოს გუნდი შემდეგნაირად გამოიყურება: გიგი უგულავა, ტარიელ ნაკაიძე, გოჩა გურბუშიანი, ლევან თარხნიშვილი, ზურაბ ჩილინგარაშვილი, არსენ კარაპეტიანი, აჰმედ იმამკულიევი, ირინე აფხაზავა, გიორგი კანდელაკი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, მაია კაციტაძე, გიორგი ღვინიაშვილი, სერგო რატიანი, ელენე ოზაშვილი, მალხაზ პატარაია, ირაკლი კიკნაველიძე, მარიამ რამინაშვილი, ოთარ კახიძე, ირაკლი აბესაძე, ლელა ქებურია, გიგა ბოკერია, აკაკი ბობოხიძე, ნინო გოგუაძე, ზაზა კედელაშვილი, ზურაბ ბუცხრიკიძე, ირმა ნადირაშვილი, გიგი წერეთელი, სერგი კაპანაძე, ხათუნა გოგორიშვილი, არმაზ ახვლედიანი, ელენე ხოშტარია, შალვა შავგულიძე, დავით ბაქრაძე. 

"მეგობრებო, ჩვენი პარტია თუ შედგება იმ ადამიანებისგან, ვისაც აქვს ცოდნაც, კომპეტენციაც, ერთგულებაც, გაკეთებული საქმის გამოცდილებაც და დაშვებული შეცდომების გააზრების უნარიც, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ჩვენს გუნდს აქვს კიდევ ერთი გამორჩეული თვისება, რომელიც მას განასხვავებს ყველა სხვა პარტიისგან ქვეყანაში. და ალბათ მიაქციეთ ყურადღება, ჩვენი წარდგენა არ ყოფილა რიგითი ნომრების მიხედვით, იმიტომ, რომ ეს არის პარტია ევროპული საქართველოს გადაწყვეტილება.

ჩვენ არ ვართ ის პარტია, სადაც კაბინეტებში იწერება სიები, ჩვენ არ ვართ ის პარტია, სადაც ერთი, ორი ან ხუთი ადამიანი წყვეტს, ვინ უნდა იყოს პარლამენტში. ჩვენ არ ვართ ის პარტია, სადაც ადამიანები თანამდებობებს ინაწილებენ ისე, რომ ხალხს აზრს არ ეკითხებიან. არა, ჩვენ ვართ ის პარტია, სადაც ყველაფერს გადაწყვეტს ამომრჩევლის და ხალხის აზრი. ამიტომ, ძირითადი პრინციპი ჩვენი პარტიული სიის დაკომპლექტების, ეს არის პარტიული კონკურენცია.

დიახ, ეს ადამიანები, ეს გუნდი და კიდევ ბევრი სხვა, იბრძოლებენ ყველგან, თითოეულ ოლქში, თითოეულ უბანში და პარლამენტში გავლენ მათგან ყველაზე ღირსეულნი, ვისაც მხარს დაუჭერს ხალხი, ვისაც მხარს დაუჭერს მოსახლეობა, ვისი ხილვაც თქვენ მოგინდებათ პარლამენტში, ის იქნება თქვენი დეპუტატი და არა ის, ვისაც გადაწყვეტს კაბინეტში შეკეტილი ერთი ან ორი ადამიანი". – თქვა დავით ბაქრაძემ. 

ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ნახეთ აქ. 

კომენტარები