არჩევნები 2020

ფიზიკური ძალადობა, ამომრჩეველთა მოსყიდვა, სააგიტაციო მასალის დაზიანება - ISFED-ის ანგარიში

0 კომენტარი
ფოტო: flickr.com

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეოთხე შუალედური ანგარიში წარმოადგინა.

ISFED-ის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის - 7; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის - 24; ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის - 8; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების - 1; ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების - 13; არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის - 8; სააგიტაციო მასალების დაზიანების შემთხვევები ოცამდე მუნიციპალიტეტსა და თბილისის რაიონებში.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მთავარ გამოწვევად ამომრჩეველზე, აქტივისტებზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე განხორციელებული ზეწოლის, მუქარისა და ხელის შეშლის ფაქტები წარმოადგენს.

"ამგვარი შემთხვევების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, კენჭისყრის დღის მოახლოებასთან ერთად, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და აზიანებს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას. ერთი მხრივ, ართულებს პოლიტიკოსების დაუბრკოლებელ კომუნიკაციას მოსახლეობასთან, ხოლო მეორე მხრივ,  ხელს უშლის ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოხატვასა და განხორციელებას. ასევე, გამოწვევად რჩება ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები, რომელთა რაოდენობა იმატებს საარჩევნო პროცესების გააქტიურებისა და არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად. უკიდურესად მნიშვნელოვანია ზეწოლის, მუქარისა და ხელის შეშლის ფაქტებზე დროული, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარება და დამნაშავე პირთა დასჯა". – აცხადებს ორგანიზაცია. 

28 სექტემბერს, სოფელ სადახლოში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ აქტივისტს, სავარაუდოდ, ტირის თოფიდან ესროლეს და ფეხში დაჭრეს. დაზარალებულს თავდამსხმელი არ დაუნახავს. ოპოზიციურ პარტიაში მომხდარს „ქართულ ოცნებას“ უკავშირებენ. 27 სექტემბერს, ბოლნისში, მმართველი პარტიისა და „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატების წარმომადგენლებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, იქ მყოფმა რამდენიმე პირმა ფიზიკური დაზიანებები მიიღეს. ასევე, ოპოზიციონერი კანდიდატის, ოქრიაშვილის თქმით, მმართველი პარტიის კანდიდატის მხარდამჭერები ჰაერში ისროდნენ ცეცხლსასროლი იარაღიდანაც.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ბოლნისისა და დმანისის ოლქში შექმნილი სიტუაცია განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. აუცილებელია სამართალდამცავებმა დროულად და ობიექტურად გამოიძიონ მომხდარი ძალადობის ფაქტები, ხოლო პარტიებმა და მათმა მხარდამჭერებმა უარი თქვან ძალისმიერი მეთოდების გამოყენებაზე.

მათივე თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია პირადი ცხოვრებით შანტაჟის შემთხვევები ქალი პოლიტიკოსების მიმართ. ზუგდიდში, „ლელოს“ წევრ ქალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია, ფეისბუქზე საჯაროდ დაემუქრა პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების გამოქვეყნებით. პარტიის წარმომადგენლების თქმით, ,,ლელოს’’ წევრებზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა და შანტაჟი მანკიერ პრაქტიკად იქცა. „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გაავრცელა ინფორმაცია მისი გუნდის წევრი ქალის მიმართ განხორციელებული პირადი ცხოვრებით შანტაჟის შესახებ. იგი თანაგუნდელის ვინაობის შესახებ მისი პერსონალური ინფორმაციის დაცვის გამო არ საუბრობს.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ქალი ოპოზიციონერების მიმართ ამგვარი შანტაჟის შემთხვევათა გამოძიება და დამნაშავეთა ადეკვატურად დასჯა საგამოძიებო ორგანოთა პრიორიტეტი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის მხარდაჭერის განცხადებები ფორმალურ, უშინაარსო ლოზუნგებად დარჩება.

რამდენიმე მუნიციპალიტეტში ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ადგილი აქვს მხარდამჭერებზე ზეწოლასა და მათი გადაბირების მცდელობებს. პოლიტიკოსთა განცხადებით, ამის გამო მათ უჭირთ ადგილზე კადრების მოძიება, ხოლო მათი მხარდამჭერები და წარმომადგენლები უარს ამბობენ თანამშრომლობის გაგრძელებაზე.

„ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მიუთითებენ მათი ლიდერებისა და წევრების მიმართ განხორციელებულ თვალთვალზე, მათ შეხვედრებზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების დასწრებაზე, რაც უხერხულობას უქმნის მათ მხარდამჭერებს.

ISFED აღნიშნავს, რომ სკოლებისა და საბავშვო ბაღების მასწავლებლები პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადამიანურ რესურსად რჩებიან და ხშირია მათი საარჩევნო აგიტაციაში ჩართვის მცდელობა სხვადასხვა პოლიტიკური ძალების, უმეტესად, კი მმართველი პარტიის მიერ. აქედან გამომდინარე, ხდება მათზე ზეწოლაც. თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ლევან მრელაშვილმა, საჯარო სკოლის დირექტორებთან ერთად, ისაუბრა გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიების მხრიდან სკოლის დირექტორებსა და პედაგოგებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ. ბოლო პერიოდში არაერთ დირექტორს ტელეფონზე ანონიმურად უკავშირდებიან და ეუბნებიან, რომ თავი დაანებონ აქტივობასა და ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, რადგან „ქართული ოცნების“ დღეები დათვლილია და ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლისას, ისინი არ დარჩებიან თანამდებობაზე. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს რამდენიმე სკოლის დირექტორმა ანონიმურად დაუდასტურა, რომ კოლეგებისგან სმენია ასეთი ფაქტების შესახებ.

ანგარიშის მიხედვით, კვლავ დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტები. აბაშაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას ბილბორდის გასაკრავად მუნიციპალიტეტის კუთვნილი ამწე გამოიყენეს. ასევე, 300 რუსთაველი სტუდენტი ადგილობრივი  ბიუჯეტიდან დაფინანსდა, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილე აღნიშნავენ, წელს ეს სტუდენტების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობაა, 2018 წელს - 33, ხოლო 2019 წელს - 157 მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი ერთჯერადად დაფინანსდა. გასაცემი თანხა ქულების შესაბამისად 800-დან 1200 ლარამდეა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაარღვია საარჩევნო კოდექსით დადგენილი აკრძალვა და არჩევნებამდე 60 დღიან პერიოდში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, ინფრასტრუქტურული ხარჯებისთვის, 1 032 100 ლარით გაზარდა.

საანგარიშო პერიოდში დაკომპლექტდა საუბნო საარჩევნო კომისიები. ახალარჩეულ კომისიის წევრების ნაწილში იკვეთება მმართველ პარტიასთან კავშირი. ზოგიერთი წევრის ახლობელი, ოჯახის წევრი პარტიის აქტივისტი ან კოორდინატორია. საუბნო კომისიაში არჩეულთა შორის მოხვდნენ საჯარო მოხელეები,  მერიის ან საკრებულოების, ასევე ადმინისტრაციული ერთეულების, მუნიციპალური ააიპების თანამშრომლები. ,,სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული პირები შვებულებაში არიან. მართალია, ზემოაღნიშნული პირდაპირ დარღვევას არ წარმოადგენს, თუმცა ამ პირთა მიუკერძოებლობის მიმართ ეჭვს აჩენს.

რეკომენდაციები:

ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას: 

  • დროულად და ეფექტურად გამოიძიოს პოლიტიკური პარტიების აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის, ასევე, პოლიტიკური პარტიების კამპანიისთვის ხელის შეშლის ფაქტები;
  • არ გამოიყენოს ცენტრალური თუ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული რესურსები პარტიული მიზნებისთვის;
  • საჯარო მოხელეებმა და სკოლისა და ბაღების თანამშრომლებმა სამუშაო საათებში თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან.

პოლიტიკურ პარტიებს:

  • თავი შეიკავონ და არ დაუშვან ასევე მათი მხარდამჭერების მხრიდან ფიზიკური ძალადობის განხორციელება;
  • არ დაუშვან ოპონენტი პოლიტიკური პარტიების კანდიდატებისა და მხარდამჭერების მიმართ ზეწოლის/მუქარის განხორციელება;
  • არ დაუშვან წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პარტიული მიზნებით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება;
  • არ გამოიყენონ ამომრჩევლებთან ურთიერთობის იმგვარი ფორმა, რაც შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს და საკუთარი საქმიანობა განახორციელონ კანონმდებლობის ფარგლებში;
  • არ დაუშვან წინასაარჩევნო კამპანიაში მათ სასარგებლოდ არაუფლებამოსილი პირების ჩართვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები