არჩევნები 2020

ცესკო: მარნეულის კომისიის წევრს სცემეს, არაუფლებამოსილი პირები კომისიაში შეჭრას ცდილობდნენ

ცესკო
ცესკო

ცესკოს ინფორმაციით, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში მათ თანამშრომელს სცემეს. დაპირისპირების შესახებ ცესკო განცხადებას ავრცელებს.

მარნეულში დაპირისპირება საარჩევნო კომისიასთან ენმ-ის წევრების აქციის შემდეგ დაიწყო. ქართული ოცნება ძალადობასა და პროვოკაციაში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებს.

ცესკოს ინფორმაციით, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომელი იქ მყოფ პირებს სთხოვდა განემარტათ, თუ რატომ იღებდნენ ნებართვის გარეშე, რის პასუხადაც მასზე ფიზიკურად იძალადეს.

"ასევე, სახეზე გვაქვს საოლქო საარჩევნო კომისიაში არაუფლებამოსილი პირების შეჭრის მცდელობის ფაქტი"- აცხადებს ცესკო.

საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს დამკვირვებლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყურადღებით დააკვირდნენ არჩევნებში ჩართული "ზოგიერთი მხარის" ქმედებებს, რომელიც "ატარებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრედიტაციის, მთლიანი საარჩევნო პროცესის დაზიანების ხასიათს და მცდელობა აქვს, შექმნას დაძაბული წინასაარჩევნო ფონი".

ცესკოს მტკიცებით, უსაფუძვლოა ბრალდებები, "თითქოსდა საოლქო საარჩევნო კომისიამ არ შეატყობინა ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს პირველი სხდომების გამართვის შესახებ". კომისიის განცხადებით, ყველა წევრს დაურეკეს.

"მათგან რამდენიმე არ გამოცხადდა სხდომაზე და რამდენიმესთან ვერ მოხერხდა დაკავშირება, მათ შორის შეუსაბამო ტელეფონის ნომრის მითითების გამო. ამასთან, ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნულმა 26-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა საუბნო საარჩევნო კომისიების შესაბამის სხდომებში, მათი გარკვეული რაოდენობა, როგორც უხუცესი წევრი, თავმჯდომარეობდა სხდომებს" - აცხადებს ცესკო.

აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაპირისპირებას ქართული ოცნების პროვოკაციას უწოდებს. აქციის მონაწილეების მტკიცებით, ქართული ოცნების წევრები მათთან მივიდნენ, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

"საოლქო კომისიიდან გამოვედი, ვარ ოლქის წევრი და ოცნების შტაბიდან გადმოვიდა ერთ-ერთი დამხმარე პერსონალი და იგინებოდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა პირადად მე და აქ დამსწრე საზოგადოებასაც,“ - ამბობს ენმ-ის მხარდამჭერი. 

გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები