არჩევნები 2020

მდინარაძე: კრიმინალური ძალის, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ძალადობა არ წყდება

ტაბულა

"კრიმინალური და მავნებელი ძალის, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან პროვოკაციები და ძალადობა არ წყდება". – ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მარნეულში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

"ნაციონალური მოძრაობის პარტიული აქტივის წარმომადგენლები მივიდნენ ცესკოს საოლქო კომისიის შენობასთან, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც არის ჩვენი ოფისიც, ქართული ოცნების შტაბი, საიდანაც მძიმე შეურაცხყოფის ფონზე აპირებდნენ ჩვენი შტაბის წევრების პროვოკაციაზე წამოგებას, თუმცა ჩვენ, როგორც იცით, ჩაშლილი გვაქვს მკაცრი დირექტივა პარტიაში, რომ პარტიულმა აქტივმა მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი მსგავს მავნებლობაზე. ამიტომ, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან პროვოკაციის პირველი მცდელობა დასრულდა უშედეგოდ.

ამის შემდეგ, ცესკოს საოლქო ორგანიზაციის შენობაში შეუშვეს მათი აქტივისტი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მაისური შემოახია ცესკოს თანამშრომელს, რასაც მოჰყვა მცირე ფიზიკური დაპირისპირება. შენობასთან შეკრებილმა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა აღნიშნულზე დაიწყეს ხმაური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, სიტუაციის თავის სასარგებლოდ გამოსაყენებლად" - ამბობს მამუკა მდინარაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მოუწოდებს "საქართველოს ყველა მოქალაქეს, არა მხოლოდ ჩვენს აქტივისტებს და განსაკუთრებით ჩვენი პარტიის წევრებს და აქტივისტებს, მაქსიმალურად შეიკავეთ თავი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების პროვოკაციაზე რეაგირებისგან".

ქართული ოცნება ასევე მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის მხრიდან საარჩევნო პროცესში დესტრუქციის შემოტანაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინონ".

"ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ყველა კანონდარღვევას, ძალადობის ყველა ფაქტს სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი, მკაცრი პასუხი მოჰყვება და დესტაბილიზაციის საშუალება არავის მიეცემა" - აცხადებს მდინარაძე.

მარნეულის საოლქო კომისიასთან დაპირისპირება დღეს მოხდა. ენმ და ქართული ოცნება პროვოკაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ, ცესკო კი მოუწოდებს დამკვირვებლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყურადღებით დააკვირდნენ არჩევნებში ჩართული "ზოგიერთი მხარის" ქმედებებს, რომელიც "ატარებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრედიტაციის, მთლიანი საარჩევნო პროცესის დაზიანების ხასიათს და მცდელობა აქვს, შექმნას დაძაბული წინასაარჩევნო ფონი".

გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები