სკოლებში, სადაც COVID 19-ით ინფიცრების შემთხვევები დადასტურდა, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება

წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება იმ სკოლებში, სადაც ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, მსგავსი შემთხვევებისას, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, ყველა პედაგოგი და მოსწავლე გადავა თვითიზოლაციაში, სკოლას ჩაუტარდება დეზინფექცია და სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ახალი სასწავლო წლისთვის სამინისტრომ საჯარო სკოლები სრულად უზრუნველყო პირბადეებით, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით.

"აჭარის გარდა, დადასტურებული კორონავირუსის გამო დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა გურიისა და სამეგრელოს ზოგიერთი სკოლა. აღნიშნულ სკოლებს დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებისა და ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის სკოლები დაემატა, სადაც სასწავლო პროცესის უწყვეტობა ასევე შენარჩუნებული იქნება და სკოლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავლენ". – წერია განცხადებაში.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი ოქტომბრის შუა რიცხვებამდეა გადადებული. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

დღეს, 29 სექტემბერს, კორონავირუსით გარდაცვალების ორი შემთხვევა აღირიცხა. ქვეყანაში ჯამში ვირუსით 33 ადამიანი გარდაიცვალა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსი კიდევ 314 ადამიანს დაუდასტურდა. ვირუსისგან განიკურნა 270 ადამიანი.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე სულ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 5 866 ახალი შემთხვევა აღირიცხა, აქედან 2 324 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 33 კი გარდაიცვალა. 29 სექტემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში COVID 19-ის 3 542 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც ნაწილი სტაციონარში მკურნალობს, ნაწილი კი კოვიდ-სასტუმროებში.

კომენტარები