არჩევნები 2020

მარნეულში მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

მთავარი არხის ჟურნალისტი
Mtavari.tv

მარნეულში დაპირისპირების დროს მთავარი არხის ორ ჟურნალისტსა და ორ ოპერატორს თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც ტელეკომპანია იუწყება, ერთერთ ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი, მძიმე მდგომარეობაშია და სასწრაფო დახმარების ბრიგადას ელოდება. 

მთავარი არხის ცნობით, მათ ჟურნალისტებს თავს მას შემდეგ დაესხნენ, რაც ქართული ოცნების წევრებისგან კომენტარის ასაღებად მივიდნენ. 

"სასწრაფო დახმარების განცხადებით, ადგილზე მხოლოდ 2 ჯგუფი ჰყავთ და ამ დროისთვის თავისუფალი არცერთი არაა, რომ დაზარალებული ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანონ.

დაზიანებულია "მთავარი არხის" კამერა და მიკროფონი". – წერს ტელეკომპანია. 

ტაბულა ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროშიც გადაამოწმებს და დამატებით დეტალებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

29 სექტემბერს საღამოს მარნეულში ვითარება დაიძაბა, როდესაც ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება, სავარაუდოდ, საოლქო კომისიებში წევრების დაკომპლექტებამ გამოიწვია. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ამთ შორის ენმ-ს მხარდამჭერი და საარჩევნო კომისიის წევრი, ლაშა ქველიძე. ქველიძის თქმით, მათ თავს ქართული ოცნების წევრები დაესხნენ. 

მარნეულში დაპირისპირება დღისითაც მოხდა. ცესკოს ინფორმაციით, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში მათ თანამშრომელს სცემეს. დაპირისპირება საარჩევნო კომისიასთან ენმ-ის წევრების აქციის შემდეგ დაიწყო. ქართული ოცნება ძალადობასა და პროვოკაციაში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებს.

თავის მხრივ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაპირისპირებას ქართული ოცნების პროვოკაციას უწოდებს. აქციის მონაწილეების მტკიცებით, ქართული ოცნების წევრები მათთან მივიდნენ, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყა.

კომენტარები