არჩევნები 2020

ბოკერია მარნეულზე: ივანიშვილს წარმატების ფორმულად მიაჩნია ძალადობა და პოლარიზაცია

ტაბულა

ფოთში, ხობსა და სენაკში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიგა ბოკერიას თქმით, მისთვის მოულოდნელი არ არის ის ძალადობა, რაც მარნეულში ჟურნალისტებისა და ოპოზიციური პარტიების წევრების მიმართ ხდება. როგორც გიგა ბოკერია განმარტავს, ძალადობის ამოცანა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს ჰქონდა, თუმცა, იმის ზუსტი პროგნოზირება, როდის აამოქმედებდნენ ამ ხერხს შეუძლებელი იყო. 

"ივანიშვილის პოლიტიკის შედეგების მომკის კიდევ ერთი ეტაპი მოვიდა. როგორც კი მათთან სიგანლი მიდის, რომ საქმე რთულად აქვთ, ბუნებრივი რეაქცია აქვთ ორი ამოცანით, რომელთაგან ერთი არის დაშინება. მათ 2018 წლის მეორე ტურის გამეორება უნდათ". – ამბობს გიგა ბოკერია მთავარი არხის ეთერში. 

ევროპული საქართველოს ლიდერმა წარსული შემთხვევებიც გაიხსენა, როდესაც ქართულ ოცნებასთან აფელირებული პიროვნებები ოპოზიციას თავს დაესხნენ, თუმცა, შედეგად არავინ დასჯილა. 

"ეს არის მათი თამაშის წესი. ივანიშვილს და მის ამ კლოუნებს ჰგონიათ, რომ ეს არის გზა - ძალადობა, პოლარიზაცია, რომ როგორც მას უყვარდა თქმა, შუა გაიკრიფოს და დაშინებას ჰქონდეს ადგილი. ეს მიაჩნია წარმატების ფორმულად. ეს უარესად საზიანოა ქვეყნისთვის, ამას კატასტროფული შედეგები მოაქვს ყველასთვის, მაგრამ ივანიშვილს ეს არ ადარდებს. ამასთან, ის ცდება, ეს არ არის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, ეს არის რეფერენდუმი ივანიშვილის გამოცვლაზე და გარდამტეხ ცვლილებებზე და გზაზე, როგორ გამოვიდეთ ამ ჩიხიდან". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

მარნეულში დღეს მთელი დღეა ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის ხელჩართული დაპირისპირება მიმდინარეობს. საღამოს ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა, რა დროსაც ენმ-ს წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მოგვიანებით თავს დაესხნენ მთავარი არხის გადამღები ჯგუფის ორ ჟურნალისტსა და ორ ოპერატორს, სცემეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორსაც. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო როგორც ენმ-ს წევრებზე თავდასხმის ფაქტზე, ისე ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზეც. 

"მყისიერად დავიწყეთ გამოძიება გივი ქველაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, ასევე, დავიწყეთ გამოძიება ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით. მიმდინარეობს აქტიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენის, ასევე დაკავების მიზნით". – ამბობს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლაშა გოგნიაშვილი. 

კომენტარები