მთიანი ყარაბაღი

JNEWS: ახალქალაქში, სოფელ კარწახში მოქალაქეები საქართველო-თურქეთის გზის გადაკეტვას ცდილობენ

სამხრეთის კარიბჭე

ჯავახეთის ადგილობრივი მედიის JNEWS-ის ცნობით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში ჯავახეთის მცხოვრებლები საქართველო-თურქეთის საერთაშორისო გზის გადაკეტვას ცდილობენ. როგორც JNEWS-ი იუწყება, მოსახლეობა სატვირთო მანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევს, რადგან, მათი განმარტებით, ამ გზით თურქეთი აზერბაიჯანს იარაღს აწვდის. 

მედიის ინფორმაციითვე, ადგილზე პოლიციასთან ერთად პარლამენტის მოქმედი დეპუტატი, სამველ მანუკიანი და ყოფილი დეპუტატი, სამველ პეტროსიანი იმყოფებიან. JNEWS-ი ადგილიდან ვიდეო მასალასაც ავრცელებს. 

27 სექტემბერს, დილით მთიანი ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ.

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბახის რეგიონში მდგომარეობის გამწვავების გამო სომხეთში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული მთავრობის პრეზიდენტმა არაიკ არუტიუნიანმაც.

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანის რამდენიმე ქალაქსა და რეგიონში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბაქოში, კომენდანტის საათი ამოქმედდა.

კომენტარები