არჩევნები 2020

ანდერს ფოგ რასმუსენი: მოსკოვი მიზანში იღებს საქართველოს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებს

არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობისთვის ტრანსატლანტიკური კომისიის თავმჯდომარე, ანდერს ფოგ რასმუსენი ამბობს, რომ ბოლო ანგარიშების მიხედვით, რუსეთი კვლავ ცდილობს ჩაერიოს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში. 

ამის შესახებ NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ვირტუალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელიც ქართული პარტიებისა და კანდიდატებისთვის საარჩევნო პირობის დადებისკენ მოწოდებას შეეხებოდა. ტრანსატლანტიკური კომისიის მიერ შემუშავებულ დათქმაზე ხელმოწერით, პარტიები და კანდიდატები პირობას დებენ, რომ არ გამოიყენებენ ისეთ ტაქტიკებს, რაც პირდაპირ, თუ ირიბად ხელს შეუწყობს არჩევნებში ჩარევის მოსურნე გარე ძალებს. 

"საქართველოს დემოკრატიული პროგრესი და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები აწუხებს რუსეთს, ამიტომაცაა, რომ მოსკოვი მიზანში იღებს ამ არჩევნებსაც. აქედან გამომდინარე, ტრანსატლანტიკურმა კომისიამ შეიმუშავა დათქმა საარჩევნო წესიერების დასაცავად, რომელსაც აქვს გლობალური სტანდარტები, რათა ხელი შეუწყოს ჯანსაღ და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს. ამ დათქმის აუდიტორია არის არა ჩვენი კომისია, არამედ ქართველი ამომრჩეველი. 

ამ დათქმის მიზანია, რომ შეამციროს ჩარევის საფრთხე და გაზარდოს ქართული დემოკრატიის მედეგობა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ. მათ, ვინც უცხოეთიდან ერევიან, იციან, რომ კანდიდატებს სჭირდებათ გამარჯვება და ზოგიერთი მათგანი დამატებითი დახმარების მისაღებად ნებისმიერთან ითანამშრომლებს, მაგრამ ამ შეთანხმებით ჩვენ ვთხოვთ კანდიდატებს, რომ ცხადად თქვან, რომ ისინი წინ აღუდგებიან ნებისმიერ პირდაპირ, თუ ირიბ დახმარებას უცხოელი ბოროტი აქტორებისგან. მოკლედ, ეს არის შეთანხმება ნებისმიერი კანდიდატისთვის, რომელსაც სურს პატიოსანი და წესიერი კამპანიის წარმოება. 

ჩემი გზავნილი ქართულ პარტიებთან და კანდიდატებთან არის მარტივი - ხელი მოაწერეთ დათქმას. 

იმედი გვაქვს, რომ მეტი პარტია შეუერთდება ჩვენს ინიციატივას. დათქმაზე ხელმოწერით კანდიდატები და პარტიები ცხადს გახდიან, რომ მათი პრიორიტეტი საქართველოს დემოკრატიის დაცვაა, იმიტომ, რომ საქართველოს დემოკრატიას სჭირდება ქართველი დემოკრატების დაცვა". – თქვა ანდერს ფოგ რასმუსენმა. 

დათქმას უკვე მოაწერეს ხელი ქართულმა ოცნებამ, ევროპულმა საქართველომ, ლელომ, სტრატეგია აღმაშენებელმა, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და ნინო ბურჯანაძის პარტიამ დემოკრატიული მოძრაობა - გაერთიანებული საქართველო

რას მოიცავს საარჩევნო დათქმა, დეტალურად ნახეთ აქ. 

კომენტარები