კორონავირუსი საქართველოში

ბათუმის რესპუბლიკურში დღეს 2 პაციენტი გარდაიცვალა, 60 და 61 წლის ქალები

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, გია კიკაბიძის ცნობით, დღეს, 30 სექტემბერს საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი სამი პაციენტიდან ორი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. 

გია კიკაბიძის თქმით, ერთერთ გარდაცვლილი, 60 წლის ქალი კლინიკაში გამთენიისას უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს. 

"იყო მართვით სუნთქვაზე, კომპიუტერზე აღენიშნებოდა ორმხრივი ტოტალური პნევმონია და თანხმლები დაავადება მას ჰქონდა უნივერსალური სიმსუქნე, გულის ქრონიკული, იშემიური დაავადება და მოყვანიდან რამდენიმე საათში დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი". – ამბობს გია კიკაბიძე. 

ექიმის თქმით, მეორე გარდაცვლილი პაციენტი, 61 წლის ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 13 სექტემბრიდან მკურნალობდა. თავდაპირველად ის განყოფილებაში იყო, მდგომარეობის გაუარესების შემდეგ კი, პაციენტი რეანიმაციაში გადაიყვანეს. 

"დიდი ხნის განმავლობაში ჟანგბადი მიეწოდებოდა მაღალი წნევით. 24 სექტემბრიდან ეს პაციენტი გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე, რახან განვითარდა პოლიორგანული უკმარისობა, ე.წ დისტრესსინდრომი და მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებები, დღეს დაახლოებით 13:00 საათზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. პაციენტს აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი, ტოტალური, 95%-იანი დაზიანება ფილტვის ქსოვილის, ანამნეზში ჰქონდა გონართრიტი, იყო დიდი ხნის განმავლობაში ჰორმონებს ღებულობდა, ჭარბი წონა ჰქონდა, გულის ქრონიკული, იშემიური დაავადებით იყო ავად". – თქვა გია კიკაბიძემ. 

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციაში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 33 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც 6-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 7-ს მაღალი წნევით მიეწოდება ჟანგბადი, ხოლო დანარჩენი პაციენტებიდ მდგომარეობა მძიმეა, თუმცა არ გაუარესებულა. 

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 326 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 796 ადამიანი. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 6 192 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 3 120 გამოჯანმრთელდა, 39 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 3 033 აქტიური შემთხვევაა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი ოქტომბრის შუა რიცხვებამდეა გადადებული. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები