პოლიციის ძალადობა

სასაფლაოზე 24 წლის ბიჭის მკვლელობისთვის დაკავებულ სპეცრაზმელს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ShutterStock

ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე 24 წლის მურად წურწუმიას მკვლელობისა და მისი ძმის ცემისთვის დაკავებულებს 9 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები გაიზარა. სპეცრაზმელს და მის თანმხლებს ბრალად ედებოდათ ჯგუფური ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რასაც სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, სხვა დანაშაულის დაფარვის მოტივით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და ჯგუფურად ცემა.

გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, თბილისში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე, ვ.ბ.-ს და ზ.ფ.-ს, მურად წურწუმიასთან და მის ძმასთან, მუხრან ჩხვირკიასთან დაპირისპირება ავტომანქანის გამო მოუვიდათ. კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ზ.ფ.-მ და ვ.ბ-მ ძმებს დაზიანებები მიაყენეს.

"მუხრან ჩხვირკიამ ჯგუფური ძალადობის შედეგად ფიზიკური ტკივილი განიცადა და შემთხვევის ადგილიდან გაქცევა მოახერხა. ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით ბრალდებულებმა მურად წურწუმია ზ.ფ-ს (სპეცრაზმელი) კუთვნილი ავტომანქანით ვ.ბ.-ს საცხოვრებელ ბინაში გადაიყვანეს, სადაც დაშავებული 3 იანვრის დილამდე უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მურად წურწუმია მიღებული დაზიანებების შედეგად 4 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა" - აცხადებს პროკურატურა.

24 წლის ბიჭი ვარკეთილის სასაფლაოზე 3 იანვრის დილით იპოვეს. ოჯახის ინფორმაციით, მურად წურწუმიას თვალი ჰქონდა ამოთხრილი და თავი - გატეხილი. მათივე ცნობით, ის თავდამსხმელებმა ტანსაცმლის გარეშე, უგონო მდგომარეობაში დატოვეს. ოჯახი ბიჭს მთელი ღამის განმავლობაში ეძებდა. კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, ექიმებმა ახალგაზრდა კაცის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. 

გარდაცვლილის ძმამ გაქცევა მოახერხა. მუხრან ჩხვირკიას თქმით, ეგონა, რომ მისი ძმაც გაექცა თავდამსხმელებს. როცა სახლში მისულ მუხრანს მურადი შინ არ დახვდა, ის სასაფლაოზე დაბრუნდა, თუმცა, საფლავზე მხოლოდ სისხლიანი ტანსაცმელი იპოვნა. ამის შემდეგ დაიწყეს მურად წურწუმიას ძებნა.

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა ზ.ფ. 2020 წლის 5 იანვარს, ხოლო ვ.ბ. 8 იანვარს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და ზ.ფ.-ს 10 წლით, ხოლო ვ.ბ-ს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები